მეგობრობა ბევრს ნიშნავს. აშრაფ ჰაკიმის მიერ მაროკოსა და მალის შორის აფრიკის ერთა თასის B ჯგუფის შეხვედრაზე დასასწრებად დაპატიჟებული კილიან მბაპე პარასკევ საღამოს რაბატში „პრინც მულაი აბდალას’’ სტადიონზე ყოფილი თანაგუნდელის მაისურით მივიდა. როგორც „პარიზიენი’’ წერს, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი მაროკოში მშობლებთან და უმცროს ძმასთან ეტანთან ერთად ჩავიდა. ელოდნენ, რომ 4 ნოემბერს „ბაიერნისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში დაშავებული ჰაკიმი ამ დღეს მოედანს დაუბრუნდებოდა, მაგრამ მარჯვენა მცველის საქმეში ჩაბმა კვლავ გადაიდო.
მაროკოსა და მალის შეხვედრა უხარისხო გამოდგა, 1:1 დამთავრდა. ახლა ჯგუფიდან გასვლის ამბავი ორშაბათს გადაწყდება, როდესაც კომოროს კუნძულები მალის, ზამბია კი მაროკოს ეთამაშება.
გარდა იმისა, რომ ჰაკიმი მოედანს ვერ დაუბრუნდა, „პრინც მულაი აბდალაზე’’ გამართული შეხვედრა მსაჯობით, უფრო სწორად VAR-თან დაკავშირებული ერთი ეპიზოდით იყო საყურადღებო. ამ მატჩში მოხდა ზუსტად ისეთი რამ, რაც ეგვიპტისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირებაში, ოღონდ მსაჯებმა ერთგან დანიშნეს პენალტი, მეორეგან კი არა. ამან სკანდალი გამოიწვია.
მაროკოსა და მალის შეხვედრაში მასპინძელმა ბრაჰიმ დიასმა გაიტანა თერთმეტმეტრიანი, რომელიც ხელით თამაშის გამო დაინიშნა. თამაშის პროცესში არავის შეუმჩნევია, რომ ნათან გასამას ბურთი ხელზე მოხვდა. მხოლოდ VAR-ის ოთახში შენელებულ გამეორებაზე გამოჩნდა, რომ დარტყმის დასაბლოკად ჩაწოლილ მალელს ბურთი საყრდენ ხელზე მოხვდა. კამერუნელმა მსაჯმა აბდუ აბდელ მეფირემ კი მცველის მდგომარეობა ბუნებრივად არ ჩათვალა და პენალტი დანიშნა.
ამან ყველას გაახსენა ეპიზოდი ეგვიპტისა და სამხრეთ აფრიკის მატჩიდან, როდესაც „ფარაონების’’ საჯარიმოში იასერ იბრაჰიმი ბურთს ხელით შეეხო. ბურუნდელ არბიტრ პასიფიკ ნდაბიჰავენიმანას თავიდან კი შეეტყო ყოყმანი, მაგრამ შემდეგ თამაშის გაგრძელება ბრძანა და VAR-მაც გადაწყვეტილების სისწორე დაუდასტურა. ამ შემთხვევაში ჩაითვალა, რომ იბრაჰიმი ხელს ეყრდნობოდა და სხვა გზა არ ჰქონდა.
ერთი შეჯიბრება, ორი მსგავსი მომენტი და არბიტრთა სხვადასხვანაირი ვერდიქტი. ხელით თამაშის განსაზღვრებაზე როგორც ჩანს ჯერ კიდევ ბევრია სალაპარაკო.
