„ოქროს ბურთის’’ მფლობელ ოსმან დემბელეს 2025 წელს მსოფლიოში ბადალი მართლა რომ არ ჰყავდა ფიფას გამოკითხვამაც დაადასტურა ― 16 დეკემბერს დოჰაში „პარი სენ ჟერმენისა’’ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კიდევ ერთი უდიდესი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო. ამ გამოკითხვაში ხმას აძლევენ გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ნაკრები გუნდების კაპიტნები და მწვრთნელები. შარშან ფიფას საუკეთესო ვინისიუსი იყო.
დემბელეს გარდა შორტ-ლისტში მოხვდნენ პსჟ-ს ფეხბურთელები აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში და ვიტინია.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს. დაუღალავი შრომა ფასდება. გასული წელი ჩემთვის ფანტასტიკური იყო როგორც ინდივიდუალურ ასევე გუნდურ დონეზე. მინდა აგრეთვე დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, კლუბს, მის პრეზიდენტს და პერსონალს. ყველას, ვინც ამ კლუბში მუშაობს ლუის კამპოსის ჩათვლით. იმედი მაქვს აქ გაისადაც ჩამოვალ’’, ― გაიღომა დემბელემ, როდესაც ჯილდოს გამოსართმევად სცენაზე ავიდა.
„პარი სენ ჟერმენის’’ წარმომადგენელთაგან წლის საუკეთესო გახდა მწვრთნელი ლუის ენრიკეც. ესპანელი ფიფას ამ კატეგორიაში პირველად იყო ნომინირებული. 2024 წელს საუკეთესო მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გახლდათ. ლუის ენრიკეს ნაცვლად ორგანიზატორებს ჯილდო მისმა ასისტენტმა რაფაელ პოლმა გამოართვა, რადგან თავად მწვრთნელი გუნდთან ერთად მეორე დღის მატჩისთვის, საკონტინენტთაშორისო თასის ფინალისთვის ემზადებოდა: პსჟ ბრაზილიურ „ფლამენგოს’’ ხვდება.
მეკარეთა შორის საუკეთესოდ აღიარეს იტალიელი ჯანლუიჯი დონარუმა, რომელმაც „პარი სენ ჟერმენთან’’ ერთად 2025 წელს ოთხი ჯილდო მოიგო, შემდეგ კი „მანჩესტერ სიტიში’’ გადავიდა.
2025 წლის სიმბოლურ გუნდში შევიდნენ: ჯანლუიჯი დონარუმა, აშრაფ ჰაკიმი, ვილიამ პაჩო, ვირჯილ ვან დაიკი, ნუნუ მენდეში, კოულ პალმერი, ჯუდ ბელინგემი, ვიტინია, პედრი, იამალი, დემბელე.
საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დაასახელეს „ბარსელონასა’’ და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავი აიტანა ბონმატი. 27 წლის ნახევარმცველი 2025 წელს გახდა როგორც ქალთა ჩემპიონთა ლიგის ასევე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.
ქალთა საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს ჰოლანდიელი სარინა ვიეგმანი, რომლის ხელმძღვანელობითაც ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ვიეგმანმა მესამედ გაიმარჯვა ევროვე, რაც ქალთა ფეხბურთში უნიკალური შედეგია.
ფანებისთვის დაწესებული ჯილდო მიიღეს ერაყული კლუბის „ზახო SC’’-ს გულშემატკივრებმა, რომელთაც 13 მაისს „ალ ჰუდოდთან’’ თამაშის წინ მოედანზე ათასობით სათამაშო გადაყარეს. ეს სათამაშოები ავადმყოფ ბავშვებს წაუღეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/06/2026 | 08:26ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
აქეთურ-იქითური02/06/2026 | 07:08პარიზელები მარჯვენა გარემარბს მიადგნენ
აქეთურ-იქითური01/06/2026 | 08:41Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
მთავარი ამბავი01/06/2026 | 07:20კვარა და ხუთი პარიზელი
