სად წავიდა ნეგრეირას ანგარიშები?

Home კატეგორიის გარეშე სად წავიდა ნეგრეირას ანგარიშები?
სად წავიდა ნეგრეირას ანგარიშები?

Luis Enrique and Ernesto Valverde during the UEFA Champions League match between Bilbao and Paris SG at San Mames Stadium on December 10, 2025 in...ესპანეთში არსებობს „ნეგრეირას საქმე’’, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში გამოიკითხნენ „ბარსელონას’’ ყოფილი მწვრთნელები ერნესტო ვალვერდე და ლუის ენრიკე. გამოძიებამ აღმოაჩინა 7-8 მილიონი ევრო, რომელიც კატალონიურმა კლუბმა 17 წლის განმავლობაში მსაჯთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას ჩაურიცხა. სამართალდამცველებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ამ ფულის ნეგრეირასთვის ჩარიცხვა საეჭვოა ანუ კარგად დასაბუთებული არ არის.

„ბარსელონას’’ ადვოკატებს დაცვის სტრატეგია იმაზე აქვთ აწყობილი, რომ ნეგრეირა იღებდა არა ქრთამს არამედ ჰონორარს ანუ ის იყო კონსულტანტი, რომელიც მსაჯების საქმიანობას აფასებდა და თავის ანალიზს კლუბს უგზავნიდა. სხვა სიტყვებით, მას გაწეული სამუშაოს შესახებ საბუთები ჰქონდა წარმოდგენილი, მაგრამ ვალვერდესა და ლუის ენრიკემდე ჩვენება მისცა „ბარსელონას’’ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ, რომელმაც თქვა, რომ ეს საბუთები აღარ არსებობს. ისინი უბრალოდ არ შეინახეს.

საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც „ბლაუგრანას’’ ჯერ ლუის ენრიკე, მერე კი ვალვერდე წვრთნიდნენ, მაგრამ „მარკას’’ თქმით ორივე სპეციალისტმა განაცხადა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე საბუთი, მსაჯთა შეფასება ან მათი საქმიანობის ანალიზი არასდროს უნახავს.

როგორც „პარი სენ ჟერმენის’’ ასევე „ბილბაოს’’ მწვრთნელმა კითხვებს პასუხი ვიდეოჩართვით გასცა.

ვალვერდე: „მსგავსი საბუთი არც მე მინახავს და არც ჩემი შტაბის წევრებს, მაგრამ ამის საჭიროებაც არ არსებობდა. მსაჯების მუშაობის შესახებ ანგარიშები არც იმ პერიოდში უჩვენებია ვინმეს, როდესაც მეორე გუნდის თავკაცი ვიყავი და არც მერე, როდესაც პირველი გუნდი ჩავიბარე’’.

ამასთან ერთად როგორც ვალვერდემ ასევე ლუის ენრიკემ თქვეს, რომ „ბარსელონას’’ მათი მწვრთნელობის დროს მსაჯების კეთილგანწყობით არ უსარგებლია.

ლუის ენრიკე: „ხომ იცით ფეხბურთში როგორ არის? თუ იგებ ამბობენ, რომ მსაჯები გეხმარებიან, ხოლო თუ აგებ, ამბობენ, რომ მსაჯებმა წაგაგებინეს’’.

სექტემბერში გამოიკითხნენ „ბარსას’’ ყოფილი პრეზიდენტები სანდრო როსელი და ჟოზეპ მარია ბარტომეუ. ჩვენება მისცა ნეგრერიას შვილმა ხავიერ ნეგრერია რომერომაც. თავად ენრიკე ნეგრერია კი ავად არის და ამ ეტაპზე ჩვენების მიცემა არ შეუძლია. ყოველ შემთხვევაში მედიკოსების დასკვნა ასეთია.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.