რა ჯანდაბა ხდება კამერუნში?

Home კატეგორიის გარეშე რა ჯანდაბა ხდება კამერუნში?
რა ჯანდაბა ხდება კამერუნში?
Celine Eko, Samuel Eto'o and FIFA President Gianni Infantino pose for a picture during the 75th FIFA Congress at Centro de Convenciones de CONMEBOL...
კამერუნის ფეხბურთის მაღალჩინოსანი სელინ ეკო, სამუელ ეტო’ო და ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო

რამდენიმე დღეში მას მერე, რაც სამუელ ეტო’ო ხელახლა აირჩიეს კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, მან თანამდებობიდან მოხსნა ნაკრების ბელგიელი მწვრთნელი მარკ ბრისი. ბრისს ბრალდებათა მთელი ნუსხა წაუყენეს, რომელთა შორის იყო ფეხბურთელების წაქეზება ― თითქოს მწვრთნელს სურდა მოთამაშეები ფედერაციას არ დამორჩილებოდნენ. კიდევ ერთი ბრალდება გახლდათ ფედერაციის შიგნით უცნობ პირებთან აქტიური თანამშრომლობა. ახსენეს თათბირებზე არ-დასწრება, საწვრთნელი პროგრამის გასაიდუმლოება, სპონსორებთან ურთიერთობის არევა, ნაკრების შემადგენლობის უდროო დროს გამოქვეყნება, პრეს-კონფერენციებისთვის თავის არიდება და სხვა. ბელგიელი კამერუნის ნაკრების მწვრთნელად 2024 წლის აპრილში კამერუნის სპორტის სამინისტრომ დანიშნა.

Head Coach Marc Brys of OHL pictured during the Jupiler Pro League season 2023 - 2024 match day 10 between Cercle Brugge and Oud Heverlee Leuven on...
მარკ ბრისი

მას მერე,  რაც ნაკრების მწვრთნელად 63 წლის ბელგიელი დაინიშნა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია სპორტის სამინისტროს დაუპირისპირდა. უნდა ითქვას, რომ ის პირველი მწვრთნელი არ არის, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტმა ეტო’ომ მოხსნა. „ბარსელონას’’, „ინტერის’’ მახაჩკალის „ანჟის’’ და ბევრი სხვა კლუბის ვარსკვლავმა ფედერაციის შეფად 2021 წელს არჩევისთანავე მოხსნა პორტუგალიელი ტონი კონსეისაუ, რომელმაც კამერუნს შინ გამართულ აფრიკის თასზე მესამე ადგილი მოაპოვებინა. ეტო’ოს მაშინაც სამინისტრო ეწინააღმდეგებოდა.

Andre Onana of Trabzonspor celebrates a goal during the Turkish Super Lig week 14 match between Trabzonspor and TUMOSAN Konyaspor at Papara Park in...
ანდრე ონანა

კონსეისაუს შემცვლელად ქვეყნის პრეზიდენტის პაულ ბიიას „რეკომენდაციით’’ მყისვე დანიშნეს ლეგენდარული რიგობერტ სონგი. ამბობდნენ, რომ პრეზიდენტს სონგის დანიშვნა ეტო’ომ უჩურჩულა. „ვესტ ჰემისა’’ და „ლივერპულის’’ ყოფილი მცველი თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს 2022 წელს ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაუძღვა, მაგრამ აფრიკის თასის ბოლო გათამაშებაში კამერუნი ცუდად გამოვიდა და სონგმა თანამდებობა დატოვა. ამას მიჰყვა ბრისის გამოჩენა, რამაც ეტო’ოსა და სპორტის სამინისტროს შორის დაპირისპირება გაამწვავა.

ეტო’ომ ბრისის დანიშვნიდან ორ თვეში გამოაცხადა, რომ ბელგიელს სამსახურიდან უშვებს. ამას წინ დიდი ჩხუბი უძღოდა, მაგრამ „ბარსას’’ ლეგენდას ბოდიშის მოხდა და ბრისის თანამდებობაზე დაბრუნება მოუხდა. ცოტა ხნის წინ კი კონგოსგან დამარცხებული კამერუნი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მიღმა დარჩა და ეტო’ომ მწვრთნელი კვლავ გააგდო.

აქვე უნდა დავძინოთ, რომ კამერუნში ნაკრების მწვრთნელს ხელფასს სამინისტრო უხდის, რომელსაც თავისი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.

ბრისის სამსახურიდან გაშვების შემდეგ ნაკრების გაძღოლა გამოცდილ კამერუნელ მწვრთნელს დავიდ პაგუს დაევალა, რომელსაც მოახლოებულ აფრიკის თასზე რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი არ მიჰყავს. ესენია მეკარე ანდრე ონანა, კაპიტანი ვინსენტ აბუბაქარი, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა და მაიკლ ნგადიუ. ერთადერთი ფეხბურთელი რომლის დატოვებასაც ახსნა აქვს ანგისაა. ის დაშავებულია. დანარჩენების ამბავი კი ბუნდოვანებითაა მოცული. შეგახსენებთ, რომ აფრიკის თასი 21 დეკემბერს მაროკოში იწყება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.