ბორჯღალოსნები მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ. იაპონელებთან შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 23:22 იგებდა, მაგრამ ბოლო შეტევაზე გადასულმა აზიელებმა ჩვენს გუნდს ჯარიმა აჰკიდეს, „საკურების“ წარმოშობით კორეელმა მგეზავმა სეუნგ-სი ლიმ თავისი მე-7 დარტყმაც უნაკლოდ შეასრულა და მასპინძლებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯა.
23:25 და „მსოფლიო რაგბის“ ორშაბათის რეიტინგში საქართველო მე-11 ადგილიდან 2 საფეხურით დაქვეითდება, მე-13 ადგილზე მყოფი იაპონია ჩვენს ადგილს დაიკავებს და ამით დასრულდება მსოფლიო თასის კენჭისყრისწინა რეიტინგის ჩამოყალიბება.
ასე აღმოჩნდა საქართველო განთესილთა მესამე კალათაში. დღეის მდგომარეობით ვითარება ასეთია:
კალათა ა
სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ინგლისი, ირლანდია, საფრანგეთი, არგენტინა.
კალათა ბ
ავსტრალია, ფიჯი, შოტლანდია, იტალია, იაპონია, უელსი.
კალათა გ
საქართველო, ესპანეთი, ურუგვაი, აშშ, სამოა, ჩილე.
კალათა დ
ტონგა, პორტუგალია, რუმინეთი, ჰონკონგი, კანადა, ზიმბაბვე.
აქედან გამომდინარე, საქართველოს პირველი, მეორე და მეოთხე ექვსეულების თითო წარმომადგენელი ერგება მეტოქედ და ბორჯღალოსნებმა მხოლოდ ესპანეთის, ურუგვაის, აშშ-ის, სამოასა და ჩილეს მეტოქეობა აიცილეს მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე, რაც არცთუ დიდი შეღავათია.
არადა „საკურებზე“ ცუდად არ უთამაშიათ, დეტალურ სტატისტიკაში აუცილებლად გამოჩნდება, რომ ქართველებს ტერიტორიული უპირატესობაც უდიდესი ჰქონდათ და ბურთის ფლობისაც. მაინცდამაინც არც დისციპლინაში გვქონდა საგრძნობი ჩამორჩენა ტრადიციულად მოწესრიგებულ იაპონელებთან. დერეფანსა და შერკინებაში კი, წესით უბრალოდ დომინანტური უპირატესობა უნდა გვქონოდა, მაგრამ…
აშკარად ეტყობოდა, რომ იაპონელთა ავსტრალიელმა დამრიგებელმა ედი ჯოუნსმა ქართული შერკინების თავისი უბადლო ცოდნა „საკურების“ მომზადებაში კარგად გამოიყენა, თავისი ჩვეული ეშმაკობები შეგირდებს ასწავლა და გარდა ამისა, ირლანდიელმა რეფერი ოუენ ქროსმა თამაშის წესების ინტერპრეტირებისას ქართული მხარე არაერთხელ დააზარალა, ძირითადად – ხსენებულ დერეფნებსა და შერკინებებში. ასეთმა ვითარებამ ჩვენი ბიჭები გვარიანად ანერვიულა, რამაც ასეთი შედეგი მოიტანა. იაპონია ხომ ტიერ 1-ის წევრია და აბა როგორ იქნებოდა, მურმანის ეკალივით მუდმივი დისკომფორტის შემქმნელ ქართველებს ელიტაში ვინ შეუშვებდა?! არც შეუშვეს.
ამ იაპონიასთან ტესტ-მატჩიც ალბათ იმისთვის იყო ჩაფიქრებული, რომ საქართველო რეიტინგს მხოლოდ მასთან მარცხის შემთხვევაში გაიუარესებდა. როგორც ცნობილია, აწი ჩვენს ნაკრებს ტიერ 1-ის წარმომადგენლებთან თამაში მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ, მსოფლიო თასებზე მოუწევს. სხვა, უფრო მნიშვნელოვან სფეროებთან პარალელების გავლება საჭიროც არაა, ყველაფერი ზედაპირზეა – ბობოლების კლუბში არც აქ გვიღებენ.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
სიახლეები07/06/2026 | 19:29ალანია – ჩემპიონი
სიახლეები07/06/2026 | 15:51ჭუმბაძე ნახევარფინალშია
სიახლეები05/06/2026 | 13:59ფინალი: ალანია vs ჯალაღონია
