საკურებთან – ორი დებიუტანტით

Home კატეგორიის გარეშე საკურებთან – ორი დებიუტანტით
საკურებთან – ორი დებიუტანტით

შაბათს საქართველოს ბორჯღალოსნები ნოემბრის მესამე და დასკვნით ტესტ-მატჩს გამართავენ: 16 საათზე, „მიხეილ მესხზე“ საქართველოს და იაპონიის ეროვნული გუნდების დაპირისპირება დაიწყება, რომლის შედეგზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.

როგორც ცნობილია, დეკემბრის დასაწყისში, ანუ სულ მალე, მსოფლიოს 2027 წლის თასის კენჭისყრა გაიმართება და რადგანაც მომავალ ტურნირზე მონაწილეთა რაოდენობა 24 ნაკრებამდეა გაზრდილი, ეს გუნდები 4 ექვსგუნდიან კალათადაა დაყოფილი და თითო პულში ამ კალათების თითო წარმომადგენელი მოხვდება.

დღესდღეობით ჩვენი ნაკრები მე-11 საფეხურზეა, ხოლო „საკურები“ „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში მე-13 პოზიციას იკავებენ და მეორე ექვსეულში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ შაბათს ბორჯღალოსნებს დაამარცხებენ. ასეთ ვითარებაში იაპონელები ქულების გარკვეულ რაოდენობას დააგროვებენ და ქართველებს ამდენივე გამოაკლდებათ, რაც საკმარისი იქნება, რომ აზიელებმა გადაგვასწრონ. ჩვენს შორის კი უელსია, რომელიც პარალელურად ახალ ზელანდიას ეთამაშება და გარანტირებულად კი წააგებს, მაგრამ რეიტინგის ერთ-ერთ ლიდერთან მარცხით არც არაფერს დაკარგავს. ბორჯღალოსნებს კი პოზიციის შესანარჩუნებლად გამარჯვება ან უკიდურეს შემთხვევაში ფრე სჭირდებათ.

პირისპირ შეხვედრებში „საკურებს“ საგრძნობი უპირატესობა აქვთ – 5:2, თუმცა, შარშანდელი ზაფხულის ტესტებზე საქართველომ იაპონიას სტუმრად, ქალაქ სენდაიში 25:23 სძლია და 10-წლიანი წარუმატებელი სერია დაასრულა. აზიელები თბილისურ მატჩს წაგებათა 5-მატჩიანი სერიით ხვდებიან მაშინ, როცა რიჩარდ კოკერილის გუნდს ბოლო ორი თამაში (აშშ-თან და კანადასთან) მოგებული აქვს. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრების უპირატესობას ხაზს ბუკმეიკერებიც უსვამენ და იმედია, მათი პროგნოზი რეალობაშიც განხორციელდება.

ჩვენს გუნდში მნიშვნელოვანი სიახლეებია. დავით აბდუშელიშვილის ტრავმის გამო კოკერილს კლერმონელი გიორგი ახალაძის გამოძახება მოუხდა და სასტარტო მარცხენა ბურჯიც ეს უკანასკნელი იქნება. მარქაფიდან თამაშში გრენობლელი გიორგი მამაიაშვილი ჩაერთვება, რომელიც გაფართოებულ რაზმში ასევე მოგვიანებით მოხვდა.

სამარქაფო კვაჭის რანგში თავის სადებიუტო მატჩს „ლა როშელის“ მორაგბე ნიკა სუთიძე გამართავს, ხოლო ასევე სამარქაფო, ოღონდაც მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე პირველ კეპს „შავი ლომის“ წევრი კახა დარბაიძე მიიღებს. ასე რომ, იაპონიასთან დებიუტი ერთბაშად ორ კაცს ექნება.

ამ ნოემბერში თავის პირველ მატჩს „შავი ლომის“ მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილიც გამართავს, ხოლო აკა ტაბუცაძე კვლავაც ფლანგზე გამწესდა, რადგანაც წინა მატჩში ჰეთ-თრიქით თავგამოჩენილმა შალვა აფციაურმა ტრავმა მიიღო. ბორჯღალოსნების შემადგენლობა ძალიან სოლიდურია, უკვე კარგად შეთამაშებულიცაა და მთავარია, რობოტებივით დისციპლინირებულ იაპონელებს ფიზიკური დომინაცია სრულყოფილად დაუპირისპირონ. წარმატებები ბორჯღალოსნებს!

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა იაპონიასთან მატჩში

  1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 14 კეპი, 5 ქულა), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი, 9, 10), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 21, 0), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 22, 25), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (მონ-დე-მარსანი, 29, 5), 6. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 43, 35), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 51, 20), 8. ბექა გორგაძე (კაპიტანი, პო, 52, 65), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 98, 98), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 58, 372), 11. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 46, 25), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 17, 15), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 73, 65), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 54, 250), 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი, 44, 109).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი, 0, 0), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 9, 5), 18. კახაბერ დარბაიძე (შავი ლომი, 0, 0), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი, 21, 15), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, 26, 20), 21. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 8, 0), 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 62, 55), 23. ლუკა მატკავა (ოიონაქსი, 31, 203).

 

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.