ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი და სულ უფრო მეტს მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ არის ტიტულის მთავარი პრეტენდენტი. საფრანგეთის ნაკრები ჩემპიონობასთან ბოლოს ოთხი წლის წინ იყო ახლოს ― ფინალში არგენტინასთან დამარცხდა, ისიც მხოლოდ და მხოლოდ პენალტებით. დღეს ფავორიტებად მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინას და 2024 წლის ევროპის ჩემპიონ ესპანეთს მიიჩნევენ, მაგრამ საფრანგეთიც რომ ერთ-ერთი ფავორიტთაგანია, ამაში ეჭვი არავის შეაქვს. „ლურჯებმა’’ ბოლო შეჯიბრებებში შთამბეჭდავად ითამაშეს და ამასაც რომ თავი დავანებოთ, დიდიე დეშამის გუნდი ჩინებული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ორშაბათს „ეკიპმა’’ „რეალის’’ ფრანგი ვარსკვლავის აურელიენ ჩუამენის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელმაც ფეხბურთელმა თქვა:
„ამას წინათ „რეალში’’ ბიჭები ვლაპარაკობდით და მათ მითხრეს, რომ ჩვენ, ფრანგებს საუცხოო გუნდი გვყავს. წარმოიდგინეთ, ამას ესპანეთის, ინგლისის და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები მეუბნებოდნენ. ყველა ერთსა და იმავეს იმეორებს, თქვენი ნაკრები უნიჭიერესი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებულიო’’.
25 წლის ჩუამენი ფრანგთა ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანია. მას მამლისემბლემიანი მაისურით 43 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ამ მატჩებში ჩამშლელმა ნახევარმცველმა 3 გოლი გაიტანა. რაც შეეხება კარიერის ყველაზე მტკივნეულ მომენტს, ის რასაკვირველია ზემოხსენებულ პენალტების სერიაში პენალტის გაცუდება გახლდათ.
ჩუამენი: „მე მირჩევნია ხელმოცარვის მეორე დღეს სარკეში ჩავიხედო და საკუთარ თავს ვუთხრა: შენ ვერ გაიტანე, მაგრამ გაბედე და დაარტყი. შეშინებას ასეთი მიდგომა სჯობია. 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ასეთივე პენალტით რომ დამთავრდეს, წამით არ დავიხევ უკან, თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მივალ და დავარტყამ. დიახ, ის პენალტი ჩემი ისტორიის ნაწილია. ცუდად დავარტყი, მაგრამ თუკი მეორე შანსი მომეცემა ყველა ღონეს ვიხმარ, რომ უკეთ შევასრულო. ერთა ლიგის ნახევარფინალში, ხორვატიასთან (2025 წლის 23 მარტს) მჭირდებოდა, რომ ჩემი თავისთვის გარედან შემეხედა, მენახა როგორ ვარტყამ პენალტს და როგორ გამაქვს გოლი. ასე რომ, ეს ის საკითხია, რომელზეც ფეხბურთელმა უნდა იმუშაოს’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 07:41ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
