„რეალის’’ ისტორიაში ყოფილა ბევრი მწვრთნელი, რომელთაც „ბარსელონასთან’’ თავიანთი პირველი შეხვედრა, პირველი „კლასიკო’’ წაუგიათ. ზოგ მათგანს სწორედ კატალონიელებთან პირველი მარცხის გამო წასვლიათ საქმე ცუდად და გეგმაარეულებს თანამდებობა დაუტოვებიათ, მაგრამ ეს არ ეხება ჩაბი ალონსოს. ალონსო ბოლო 16 წელიწადში პირველია, რომელმაც „ბარსას’’ გამარჯობა უთხრა და დაამარცხა. „მარკას’’ თქმით წინა, ვინც ეს შეძლო ლეგენდარული ზინედინ ზიდანი გახლდათ.

მადრიდელ მწვრთნელთა „წყევლა’’ 2009 წელს იღებს სათავეს, როდესაც მანუელ პელეგრინი მასშტაბური პროექტის ტესტირებას შეუდგა. მაშინ „რეალის’’ პრეზიდენტის პოსტზე ფლორენტინო პერესი ახალი დაბრუნებული იყო. „კამპ ნოუზე’’ გამართული შეხვედრა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლით „ბლაუგრანამ’’ მოიგო, რამაც ჩილელ მწვრთნელს სვლა-გეზი აურია და მან სეზონის ბოლოს თანამდებობა დატოვა.
შემდეგ მოვიდა ჟოზე მოურინიუ, რომელსაც „ინტერში’’ მოგებული ჰეთ-თრიკი უმაგრებდა ზურგს. მას „ბარსელონას’’ შავ ცხოველს ეძახდნენ. მადრიდელებმა პეპ გვარდიოლასა და ლეო მესისთან ბრძოლა სწორედ მას მიანდეს და მილანური ტრიუმფით ფრთაშესხმული პორტუგალიელი „კამპ ნოუზე’’ „თეთრების’’ თავკაცის რანგში დაბრუნდა, მაგრამ… მწარედ წააგო – 0:5.
2013 წლის 26 ოქტომბერს „ელ კლასიკოს’’ პირველად მოუსინჯა კბილი კარლო ანჩელოტიმ. ეს იყო „ლა ლიგის’’ მეათე ტური. შეხვედრა ისევ „კამპ ნოუზე’’ გაიმართა, 2:1 მოიგო „ბარსელონამ’’. აღსანიშნავია, რომ სამი ტურით ადრე „რეალმა’’ შინ წააგო მადრიდული დერბი „ატლეტიკოსთან’’ – 0:1. მაშინ იტალიელმა შვიდი თამაში მოიგო და სეზონი რაკეტასავით დაიწყო, მაგრამ ეს ორი მარცხი მისთვის სერიოზულ ლაქად მიიჩნიეს. თუმცა, სეზონი ანჩელოტისთვის მაინც კარგად დასრულდა, რადგან „რეალმა’’ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. ეს იყო მადრიდელთა მეათე ტრიუმფი ამ დიდ შეჯიბრებაში.
დრამატულად წარიმართა რაფა ბენიტესის საქმე, რომელიც „ბერნაბეუზე’’ 2015 წელს მივიდა, მაგრამ „სევილიასთან’’ მარცხის გამო გუნდს წაუგებელი სვლა შეუწყდა, თავგზა დაებნა და 21 ნოემბერს „ბარსელონასგან’’ 0:4 იწვნია. შედეგად თვენახევარში მწვრთნელი გაუშვეს.
ამის მერე, 2016 წლის 4 იანვარს კი „ლოს ბლანკოსის’’ სათავეში მივიდა ზინედინ ზიდანი და დაიწყო დიდებული ეპოქა. მისი პირველი „კლასიკო’’ „კამპ ნოუზე’’ გამარჯვებით 2:1 დამთავრდა.
ზიზუს მერე კი ისევ „წყევლა’’ ისევ ამუშავდა: ხულენ ლოპეტეგიმ დაახლოებით რაფა ბენიტესის ბედი გაიმეორა. მან ფრანგი 2018 წელს შეცვალა. მან მადრიდელები ხუთი ვერ-მოგებული თამაშის შემდეგ „კამპ ნოუზე’’ ჩაიყვანა. ცხადი იყო, რომ მის ბედს სწორედ ეს თამაში გადაწყვეტდა და ასეც მოხდა ― „ბარსამ’’ 5:1 გაიმარჯვა და ლოპეტეგი გააგდეს. სამი დღის მერე სათასო შეხვედრაში „მესტალიაზე’’ „რეალის’’ მწვრთნელის ადგილას უკვე სანტიაგო სოლარი იჯდა.
სოლარიმ „ბარსელონასთან’’ არ წააგო, მაგრამ ვერც მოიგო ― „სამეფო თასის’’ ნახევარფინალში „კამპ ნოუზე’’ 1:1 ითამაშა.
არგენტინელის მერე „რეალის’’ სათავეში რიგრიგობით დაბრუნდნენ ზიდანი და ანჩელოტი, მწვრთნელები რომელთაც თავიანთი პირველი „ელ კლასიკო’’ უკვე მოხდილი ჰქონდათ, ახლა კი ესპანეთის დედაქალაქის გუნდი ჩაბი ალონსოს აბარია და მან კვირას „ბარსელონას’’ „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ თავისი პირველი დაპირისპირება მოუგო – 2:1.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
