
დღეს ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი’’ ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის ურთულეს შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქეა „მანჩესტერ სიტი’’. ამას დაამატეთ, რომ „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ წინა ორ ტურში არ მოუგია და სამი ქულა სჭირდება. სტუმრები „სერამიკაზე’’ ერთი მოგებითა და ერთი ფრით ჩადიან. ამოცანა ურთულესია, მაგრამ ეს ესპანური გუნდის თავკაცმა მარსელინომ იმთავითვე იცოდა და თქვა, რომ „სიტისთან’’ მძიმე მატჩიც კი საბაბია საიმისოდ, რომ ჩემპიონთალიგური ფეხბურთით ისიამოვნო.

„მარკა’’ წერს, რომ „ყვითლებს’’ ცუდი კალენდარი ერგოთ. პირველ ტურებში ურთულეს მეტოქეებთან დაკარგული ქულები სავარაუდოდ ბოლოს ცუდად იჩენს თავს. ჯერ იყო და „ვილიარეალმა’’ „ტოტენჰემტან’’ წააგო 0:1, თუმც ამ შეხვედრაში წაგებას არ იმსახურებდა. მერე, „იუვენტუსთან’’ მიქაუტაძის გოლით დაწინაურდა, მაგრამ ორი გაუშვა და 90-ე წუთზეღა შეძლო ქულის გადარჩენა. ახლა კი მესამე ტურია და მარსელინოს გუნდს „ქალაქელები’’ სტუმრობენ.
ამით ჯგუფური ეტაპის მძიმე ნაწილი მთავრდება და რჩება შეხვედრები „პაფოსთან’’, „კოპენჰაგენთან’’ და „აიაქსთან’’. ამ სამ ტურში მიქაუტაძეს და კომპანიას ბევრი ქულის მოპოვება დასჭირდება, მაგრამ მანამდე…
მარსელინომ „ლა ლიგის’’ ბოლო ტურში „ბეტისთან’’ კარდონა, მოურინიო, პარტეი, გუეიე, პეპე და მიქაუტაძე დაასვენა. დღეს „მარკა’’ მათ მოედანზე ელის. მწვრთნელს გადასაწყვეტი აქვს მეკარის პრობლემაც. „სიტისთან’’ კვლავ არნაუ ტენასი დაიცავს „ვილიარეალის’’ კარს თუ ძელებს შორის ბრაზილიელი ლუის ჟუნიორი დაბრუნდება?
„ვილიარეალში’’ სწამთ, რომ გუნდმა მიზნად ისე თამაში უნდა დაისახოს, როგორც „იუვენტუსთან’’ პირველ ტაიმში ითამაშა. დაცვაში ყურადღებით და შეტევაში მწვავედ მოქმედებამ „ყვითლებს’’ შედეგი მოუტანა, შესვენებამდე ისინი თვით „ბებერ ქალბატონს’’ უგებდნენ. წინ ჩინებულად ირჯებოდნენ პეპე და მიქაუტაძე. „მარკა’’ წერს, რომ დღეს მასპინძლების თამაში დიდად იქნება დამოკიდებული ქართველ თავდამსხმელზე, რომელიც „ბეტისთან’’ ნაკრებიდან ჩამოყოლილ ტრავმას იშუშებდა.
მეორე მხრივ, „ვილიარეალს’’ ინგლისურ გუნდებთან საშინელი სტატისტიკა აქვს: ევროთასებზე ბოლო 15 შეხვედრიდან ერთიც არ მოუგია.
„ყვითლები’’ „სიტის’’ აქამდე ერთადერთხელ 2011-12 წლების სეზონში შეხვდნენ. ეს ის სეზონია, როდესაც „ვილიარეალი’’ მაშინ პრიმერა დივიზიონად წოდებულ ლა ლიგიდან გავარდა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი „სიტიმ’’ მანჩესტერში 2:1 მოიგო, ხოლო ვილიარეალში 3:0.
დღევანდელი დღე იმითაც არის საინტერესო, რომ „სერამიკაზე’’ ბრუნდება როდრიგო ერნანდესი, იგივე როდრი, რომელიც მართალია მადრიდელია, მაგრამ 2013 წლიდან 2019 წლამდე „ვილიარეალში’’ გაატარა, სადაც ყველა საფეხურზე ითამაშა, ყმაწვილთა გუნდიდან დაწყებული დიდი გუნდით დამთავრებული. პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ როდრის ძალიან უნდოდა მშობლიურ გარემოში მოედანზე გასვლა, მაგრამ ეს არ მოხერხდება. 2024ვწლის „ოქროს ბურთის’’ ლაურეატმა ჯერ ვერ მოიშუშა ტრავმა. კასტელონურმა კლუბმა მომენტით ისარგებლა და მაღაზიებში ლეგენდების კასორლასა და რიკელმეს მაისურებთან ერთად როდრის მაისურებიც გაიტანა გასაყიდად.
საინტერესოა, რომ დღეს საღამოს „სერამიკაზე’’ მეტოქეების რანგში ერთმანეთს შეხვდებიან ბავშვობის მეგობრები ჟორჟ მიქაუტაძე და რაიან შერკიც.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
