კაპე ვერდემ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

Home კატეგორიის გარეშე კაპე ვერდემ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
კაპე ვერდემ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

Cape Verde players celebrate in front of a packed standკაპე ვერდე გახსოვთ, 8 ივნისს ქუთაისში საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში 1:1 რომ ითამაშა? გუშინ მან ყოფილ სვაზილენდს, 2018 წლიდან კი ესვატინის 3:0 მოუგო და გახდა მეორე ყველაზე პატარა ქვეყანათა შორის, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშია. სხვა სიტყვებით კაპე ვერდემ მუნდიალის საგზური მოიპოვა. მან აფრიკის D ჯგუფში მძიმეწონოსან კამერუნს გაასწრო. პრაიაში ეროვნულ სტადიონზე შეხვედრას 15 000 მაყურებელი ესწრებოდა.

Praia , Cape Verde - 13 October 2025; Roberto Lopes, left, and Deroy Duarte of Cape Verde celebrate their side's qualification for the 2026 FIFA...ორიოდ სიტყვით ქვეყნის შესახებ. კაპე ვერდე 10 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია, რომლის მოსახლეობა 525 ათასს აღწევს. მან პორტუგალიისგან დამოუკიდებლობას 1975 წელს მიაღწია.

ბოლო წლებში კაპე ვერდეს ფეხბურთი პროგრესის გზაზეა. 2013 წელს მან აფრიკის თასზე მეოთხედფინალს მიაღწია. მწვანე კონცხელთა ნაკრებს იგივე შედეგი ჰქონდა 2023 წელსაც. მსოფლიო რეიტინგში გუნდი 70-ე ადგილზეა. შედარებისთვის: საქართველო 68-ე პოზიციას იკავებს.

ვინ არის ყველაზე პატარა ქვეყანა რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშია? ეს გახლავთ ისლანდია, რომელმაც 2018 წელს რუსეთში გამართულ მუნდიალში მიიღო მონაწილეობა.

სექტემბერში კაპე ვერდემ შინ 1:0 მოუგო კამერუნს და ჩადგა იმ პოზიციაში, როდესაც ბოლო ორ შეხვედრაში ერთი გამარჯვებაც კი კანადა-აშშ-მექსიკის საგზურს მოუტანდა. კუნძულელებმა პირველი შანსი ხელიდან გაუშვეს: ლიბიასთან  – 3:3. ეს შეხვედრა ტრიპოლიში იყო და ლიბიელები 3:1-ს იგებდნენ. თამაშის ბოლოს სტუმრებს ნაღდი საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მსაჯებმა საეჭვო ოფსაიდი დააფიქსირეს. როგორც აღვნიშნეთ, შემდეგ შეხვედრაში ესვატინისთან კაპე ვერდემ მაინც მიაღწია თავისას. თამაშს ქვეყნის პრეზიდენტი ჟოზე მარია ნევეში ესწრებოდა.

არქიპელაგზე ტურისტული სექტორი ვითარდება, მაგრამ ქვეყანა სპორტული მიღწევებით ვერ დაიკვეხნის. ქვეყანამ ერთადერთი ოლიმპიური მედალი 1924 წელს პარიზში მოიპოვა – მოკრივე დავიდ დე პინა გახდა ბრინჯაოსმედალოსანი.

კაპე ვერდეს საფეხბურთო ჩემპიონატში 12 გუნდი თამაშობს. ნაკრები, რომელსაც „ცისფერ ზვიგენებს’’ უწოდებენ გაძლიერებისთვის უცხოელებს და დიასპორას მიმართავს. ასე მაგალითად ირლანდიური „შერმოკ როვერისის’’ ფეხბურთელი რობერტო ლოპეში ინტერნეტში LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა და ასე გახდა მწვანე კონცხის ნაკრების წევრი. მისი მამა 16 წლისა წასულა არქიპელაგიდან ემიგრაციაში.

„ცისფერ ზვიგენთა’’ გუნდში ევროპის ტოპ 5 ლიგიდან არავინ თამაშობს. ჰოლანდიაში დაბადებული ლივრამენტო პორტუგალიური „კასა პიას’’ წევრია. „კასა პია’’ პრიმერა ლიგაში მე-14 ადგილზეა.

ამბობენ, რომ გუნდის წარმატება იმითაც არის განპირობებული, რომ მწვრთნელი პედრო ლეიტაო ბრიტო, მეტსახელად ბუბისტა, 2020 წლიდან თანამდებობაზეა.

ამრიგად, კაპე ვერდე შეუერთდა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასულ აფრიკულ გუნდებს მაროკოს, ტუნისს, ეგვიპტეს, ალჟირს და განას. კონტინენტის კიდევ ასამი ნაკრების ვინაობა ჯერ კიდევ გასარკვევია.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.