ტრავმებისკენ მიდრეკილი ალისონი

Home აქეთურ-იქითური ტრავმებისკენ მიდრეკილი ალისონი
ტრავმებისკენ მიდრეკილი ალისონი

ალისონ ბეკერზე სამართლიანად ამბობენ, რომ მსოფლიოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მაგრამ ის აგრეთვე „ლივერპულის’’ გულშემატკივართა დიდი ნერვიულობის მიზეზიც გახლავთ. Empireofthekop წერს, რომ ბრაზილიელი თავის დროზე მერსისაიდელთა საუკეთესო შენაძენი იყო. მან გუნდს ზურგი გაუმაგრა და შესძინა სტაბილურობის შეგრძნება, რაც მანამდე ასე აკლდათ „წითლებს’’. ალისონმა „ლივერპული’’ ბევრჯერ გადაარჩინა თავისი ფანტასტიკური მოგერიებებით, მაგრამ ის აგრეთვე ხშირად იღებს ტრავმას. აგერ, ჩემპიონთა ლიგაში, „გალათასარაის’’ წინააღმდეგაც დაშავდა და კიდევ ერთი თვის გაცდენა მოუწევს.

„ატლეტიკმა’’ მის შესახებ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც დათვლილია, რომ 2018 წელს „ლივერპულში’’ გადასვლის შემდეგ ბრაზილიელმა თამაშების 14% გააცდინა. ბოლო სამ წელიწადში მას ბარძაყის უკანა კუნთების ხუთი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ტრავმა ჰქონდა. ერთმა ინგლისელმა ფიზიოთერაპევტმა ანონიმურად ისურვა დარჩენა, მაგრამ თქვა, რომ მისი ახლანდელი ტრავმის მთავარი მიზეზი წინა ტრავმებია. ფიზიოთერაპევტმა ასე განმარტა:

„ალისონის ასაკისა და ისტორიის გათვალისწინებით ახლანდელი ტრავმა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. აქ სამი მნიშვნელოვანი ფაქტორია: მისი ანატომია, მისი მოძრაობის მანერა და დატვირთული ვარჯიშები. მაგრამ მთავარი რისკ-ფაქტორი რასაკვირველია წინა ტრავმები გახლავთ’’.

ეს დასკვნა ძალიან ჰგავს სამედიცინო საქმის დიდოსტატის სემ ფელის მიერ  Physio Scout-ისთვის ნათქვამს, რომ ალისონი ამ ტიპის ტრავმებისადმი მიდრეკილია, რადგან მას მსგავსი პრობლემები დრეც ჰქონია, მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ და ეს ბრაზილიელის სპრინტის მანერა ანუ სირბილის თავისებურებაა.

რაც ალისონი „ლივერპულში’’ თამაშობს მან სამჯერ მიიღო ისეთი ტრავმა, რომლის გამოც 15 და მეტი მატჩი გამოტოვა. ამაში არ შედის წვრილ-წვრილი ტრავმები, რომლებიც მერსისაიდელთა კარის მცველს ასევე ხშირად აწუხებს. არ ყოფილა სეზონი, რომელშიც ალისონი ყველა შეხვედრას ჩაატარებდა.

„ატლეტიკმა’’ ზემოხსენებულ წერილში დაწერა, რომ „ლივერპულის’’ გულშემატკივარი გაწბილებულია და არ უკვირს, რატომ შეიძინა მათმა კლუბმა „ვალენსიასგან’’ გიორგი მამარდაშვილი.

Empireofthekop: „ვიმედოვნებთ, რომ ბრაზილიელი მალე გამოჯანმრთელდება, მაგრამ მადლობა ღმერთს ჩვენ გვყავს საქართველოს ნაკრების მეკარე, რომელიც უბრალოდ ნიჭიერ გოლკიპერზე მეტია და რომელიც უახლოეს რამდენიმე კვირაში ბრაზილიელის შეცვლას შეძლებს. მამარდაშვილი იმედოვნებს, რომ კლუბის დიდ ნდობას გაამართლებს’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.