შედგა გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში. როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოს ნაკრების მეკარეს შანსი ალისონ ბეკერის ტრავმის წყალობით გამოუჩნდა. სხვა შემთხვევაში ამთავითვე ლეგენდად გამოცხადებულ ბრაზილიელს არავინ შეცვლიდა და გიორგის ინგლისის რომელიმე თასის მორიგი შეხვედრის ლოდინი მოუწევდა. მამარდაშვილის დებიუტი შედგა იმ შეხვედრაში, რომელიც მერსისაიდელებმა წააგეს – სტამბოლში, „გალათასარაისთან’’ (0:1) – და რომელშიც საკუთარი მცველების მიერ მიგორებული ბურთების სწორად დაბრუნებას თუ არ ჩავთვლით, სხვა საქმე არ ჰქონია, მაგრამ მთავარია, რომ ფაქტი შედგა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.
საიტმა liverpoolecho-მ გიორგის 6 ქულა დაუწერა და სწორედ ის აღნიშნა, რომ იმ 34 (+8) წუთში, რაც მან მოედანზე დაჰყო, საქმე არ ჰქონია. Flashscore-ის შეფასება გახლდათ 6.2; sofascore-ის ― 6.5; whoscored-ის ― 6.0.
მატჩის შემდეგ ლივერპულელთა მწვრთნელმა არნე სლოტმა ალისონის ტრავმაზე ილაპარაკა.
„როდესაც ის სპრინტით უკან გაიქცა, რაღაც იგრძნო. მე ექიმი არ ვარ და ზუსტად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩვეულებრივ, როდესაც ფეხბურთელი უკან გარბის, სირბილში დისკომფორტს გრძნობს და ეცემა, მერე მოედანზე ვეღარ ბრუნდება. 99.9 პროცენტით შემიძლია გითხრათ, რომ ის შემდეგ შეხვედრაში (შაბათს, „ჩელსისთან’’) მონაწილეობას ვერ მიიღებს. მეტიც, მე ვიტყოდი, რომ 100 პროცენტით ვერ ითამაშებს’’, ― თქვა სლოტმა.
შესაბამისად, 4 ოქტომბერს, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე „ლივერპულის’’ კარში კვლავ გიორგი მამარდაშვილს უნდა ველოდოთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/10/2026 | 09:09ფრანგული საიტი ოქროს ბურთზე ჭორაობს
აქეთურ-იქითური22/10/2026 | 09:33პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
სიახლეები22/10/2026 | 07:44დემბელეს და მარკინიოსის რამდენიმე კვირა
მთავარი ამბავი22/10/2026 | 06:49კვარას კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებენ
