გული დაგვწყდება, მაგრამ სრულებით არ გაგვიკვირდება, ახალგაზრდა გულშემატკიკვარს არაფერი რომ სმენოდეს ლანჩხუთის „გურიაზე“. არადა, მართლა რა უნდა სმენოდეს, როდესაც თავად ლანჩხუთელებსაც ამ გუნდის არსებობას, წინა საუკუნეში, სამ თვეში აშენებული სტადიონი (უფრო სწორად, რაც მისგან შემორჩა) და ამ პატარა რაიონული ცენტრის გოგონათა ამავე სახელის მქონე გუნდიღა ახსენებთ.
არა, „გურია“ ახლაც არსებობს, უბრალოდ საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში თამაშობს და მკრეხელობაში თუ არ ჩაგვითვლით, ღმერთმაც არ იცის, როდის ამოვა უმაღლესში.
არადა…
1989 წელი. 5 ნოემბერი. 6 თვე და 26 დღე 9 აპრილიდან. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველი ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში „გურია“ ალმატის „კაირათს“ 3:1 ამარცხებს და ეს პატარა რაიონული ცენტრი საკავშირო უმაღლეს ლიგაში აღზევებას ზეიმობს. კი, ისტორიულ მოვლენათა გამო, ქართული კლუბები სულ მალე საკავშირო პირველობას უარს ეტყვიან, მაგრამ ის სხვა ისტორიაა. ეს ამბავი კი აქ „კაირათის“ გამო გავიხსენეთ.
✔️ დღეს „გურია“ საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ლიგაშია.
✔️ დღეს ალმატის „კაირათი“ ჩემპიონთა ლიგაში ხვდება „სპორტინგს“, „რეალს“, „ინტერს“, „არსენალს“…
და ამ ყველაფრის გახსენებასაც, ცხადია, თავისი მიზეზი აქვს: ლევან კობიაშვილის ამასწინანდელი სიტყვები, რომ რა კავშირშია ფეხბურთის ფედერაცია ქართული კლუბების კატასტროფულ მდგომარეობასთან…
ეგებ ჩვენი მკითხველის ნაწილიც ფიქრობს, რომ მართლა რა კავშირშია და ყველაფერზე მხოლოდ თავად კლუბები არიან პასუხისმგებლები?
კეთილი. მოკლე კითხვა-პასუხს შემოგთავაზებთ.
- ვინ არის ეროვნული ჩემპიონატის მფლობელი?
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია!
- ვინ არის ეროვნული ჩემპიონატის უშუალო ორგანიზატორი?
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია!
- ვინ განაგებს ეროვნული ჩემპიონატის ფინანსურ მხარეს?
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია!
- ვინ განაგებს ეროვნული ჩემპიონატის სადისციპლინო საკითხებს?
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია!
- ვინ განაგებს ეროვნული ჩემპიონატის მსაჯობას?
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია!
- ვინ ატარებს სტადიონების შემოწმებას?
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია!
- ვინ ატარებს კლუბების ლიცენზირებას?
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია!
- ვინ განაგებს სატრანსფერიო პოლიტიკას?
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია!
მოდი, ამ კითხვა-პასუხის მერე ერთხელაც გკითხავთ: მართლა კითხულობთ, რომ „ფედერაცია რა შუაშია?“
გაგრძელება იქნება…
ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
დავთარი31/08/2025 | 20:13მართლა კითხულობთ, რომ ფედერაცია რა შუაშია?
დავთარი30/07/2025 | 23:14ჩვენი ფეხბურთი ერთ განცხადებაში
დავთარი28/12/2023 | 21:53… ამიტომ – წერტილი
აქეთურ-იქითური15/11/2023 | 19:33ჩემი, შენი, ჩვენი ბადრი…