სალაჰმა თამაში ჩააგდო

Home კატეგორიის გარეშე სალაჰმა თამაში ჩააგდო
სალაჰმა თამაში ჩააგდო

Mohamed Salah of Liverpool in action with Marc Guehi of Crystal Palace during the 2025 FA Community Shield match between Crystal Palace and Liverpool...2025 წელს „ლივერპული’’ მეორედ დამარცხდა „უემბლიზე’’. პირველად ეს 16 მარტს ლიგის თასის ფინალში მოხდა, როდესაც მერსისაიდელებს „ნიუკასლმა’’ 2:1 მოუგო, მეორედ კი გუშინ სუპერთასზე ანუ იგივე „ქომუნითი შელდზე’’, პენალტებით ― თავად შეხვედრა 2:2 დასრულდა. გიორგი მამარდაშვილს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მუღია, ის არ ათამაშეს.

ლივერპულის პრესაში წერენ, რომ მარტის ფინალთან შედარებით „ქომუნითი შილდის’’ თამაში „წითლებმა’’ უკეთ ჩაატარეს, მაგრამ „კრისტალ პალასმა’’ ორჯერ გაათანაბრა ანგარიში და 2025 წლის მონაგარი გაზარდა: მაისში მოგებულ ფეხბურთის ასოციაციის თასს სუპერთასიც დაამატა. ეს მარცხი არნე სლოტის გუნდს გულზე მძიმე დარდად არ დააწვება, თუმცა ფეხბურთელებს უთუოდ ერჩივნათ სეზონი თასის აღმართვით დაეწყოთ. სუპერთასის მოგება როგორც წესი ამბიციური, გამამხნევებელი განაცხადია ხოლმე.

საიტი empireofthekop ხაზს უსვამს, რომ „კრისტალ პალასთან’’ შეხვედრა განსაკუთრებით მოჰამედ სალაჰმა ჩააფლავა. „სქაი სპორტიც’’ წერს, რომ ეგვიპტელი ამ მატჩში ანონიმური ფიგურა იყო და სვამს კითხვას: ხომ არ გაგრძელდება ასე მთელი სეზონის განმავლობაში?

სალაჰის ცუდ თამაშს ძახილის ნიშანივით დააჯდა პენალტების სერიის პირველივე დარტყმა, რომელიც მან მიზანს ააცილა. თან ჯინაზე გუნდები პენალტებს მაინცდამაინც იმ კარში არტყამდნენ, რომლის უკანაც მერსისაიდელი გულშემატკივრები ისხდნენ. ამრიგად, 33 წლის ვარსკვლავმა მიჯრით მეორედ ააცილა თერთმეტმეტრიანი: წინა შეხვედრაში, „ბილბაოსთან’’ სალაჰს ასევე გაუცუდდა დარტყმა.

ეგვიპტელის უსახურ თამაშს მალე დაივიწყებენ თუ ის ტრადიციას უერთგულებს და პრემიერლიგის პირველ ტურში გოლს ან გოლებს გაიტანს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მან კარგად დაწყებული საქმე კარგადვე განაგრძო: გაიტანა 34 გოლი და ჩააწოდა 23 საგოლე პასი. და მაინც, „ქომუნითი შილდზე’’ ფორვარდი თავის ფეხბურთთან ახლოსაც არ იყო. Sofascore-მა თანაგუნდელთა შორის ყველაზე დაბალი ქულა სწორედ მას დაუწერა – 4.7. სალაჰმა მეტოქეებთან ექვსივე დუელი წააგო, 20 პასიდან ადრესატს მხოლოდ 13 მიაწოდა, ერთი დრიბლინგი ან საკვანძო გადაცემაც ვერ შეასრულა და 12-ჯერ დაკარგა ბურთი.

ეგვიპტელმა დინ ჰერდენსონის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც მეკარემ აუღო. Liverpool Echo-ს ექსპერტმა იან დოილმა მისი თამაში 10-დან 6 ქულით შეაფასა და დაწერა, რომ „ლივერპულის’’ 11 ნომერი თამაშში ხან გამოჩნდებოდა, ხან იკარგებოდა. ის ამაოდ ცდილობდა რამენაირად აეწყო პარტნიორობა ჯერემი ფრიმპონგთან.

საბოლოოდ, ეს არ იყო დღე, რომელსაც სალაჰი სიამოვნებით გაიხსენებს, თუმცა მერსისაიდელ გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ მათი საყვარელი ვარსკვლავი ძველებურად აჩვენებს თავის ძალას მეტოქეებს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.