ზურიკოს მდგომარეობა მწვავდება

Home კატეგორიის გარეშე ზურიკოს მდგომარეობა მწვავდება
ზურიკოს მდგომარეობა მწვავდება
Pierre EKWAH - 22 Zuriko DAVITASHVILI during the Ligue 1 McDonald's match between Lille and Saint Etienne at Stade Pierre-Mauroy on February 1, 2025...
პიერ ეკვა და ზურიკო დავითაშვილი

„სენტ ეტიენი’’ ლიგა 2-ში შეყოვნებას არ აპირებს. მართალია ის ლიგა 1-დან გავარდა, მაგრამ მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებმა სატრანსფერო ბაზარზე მყისიერი აქტიურობით დაამტკიცეს, რომ წარუმატებლობასთან შეგუებას არ აპირებენ. „მწვანეებს’’ უნდათ ამ ზაფხულს რაც შეიძლება მეტი მოთამაშე იყიდონ და მწვრთნელ ერიკ ჰორნელანს გარს შემოახვიონ ფეხბურთელთა დიდი ჯგუფი, რომელიც ლიგა 1-ში დაბრუნებას შეძლებს. „სტეფანუას’’ შეუერთდნენ ჩიკო ლამბა და მაჰმუდ ჯაბერი. მზადდება განაპირა მცველების ტრანსფერები. წამსვლელებთან დაკავშირებით კი შედარებით რთულად არის საქმე. საიტი Peuple Vert წერს, რომ სამი ფეხბურთელი, ლუკა სტასენი, ზურიკო დავითაშვილი და ცენტრალური ნახევარმცველი პიერ ეკვა ოღონდ „სენტ ეტიენიდან’’ წავიდნენ და კონფლიქტსაც კი არ ერიდებიან.

ეკვა „მწვანეებს’’ ინგლისური „სანდერლენდიდან’’ ჰყავთ გადმოყვანილი. კლუბს და მას შორის მდგომარეობა ისეა დაძაბული, რომ ფეხბურთელი ვარჯიშზეც კი უარს ამბობს. ეკვა ფრანგულ კლუბს იჯარით ჰყავდა წამოყვანილი, მაგრამ „ბოლო დღის გამოსყოდვის უფლებით’’ ისარგებლა და ახლა უკვე ფეხბურთელის სრულუფლებიანი პატრონია, მას კი ვერ გაუგია რა მოხდა და წასვლას ითხოვს.

ლიგა 2-ში თამაშზე კატეგორიულ უარს ამბობს დავითაშვილიც. „სენტ ეტიენის’’ ამბებზე გამეცადინებული ზემოხსენებული საიტი წერს: „ის აღარ მალავს უკმაყოფილებას. ქართველს გაურთულდა ურთიერთობა კლუბის ხელმძღვანელობასთან, განსაკუთრებით კი მწვრთნელთან’’.

დავითაშვილის შეძენა რამდენიმე კლუბს სურს, მათ რიცხვში ლიგა 1-ის „რენს’’.

სტასენის მდგომარეობა წინა ორის მსგავსად გამწვავებული არ არის. ბელგიელს სურს ძლიერ გუნდში ითამაშოს, რათა ნაკრებში აიყვანონ და მომავალ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდეს, თუმცა „სენტ ეტიენის’’ შეფებთან ჯერ კონფლიქტი არ აქვს. მეორე მხრივ, „სენტ ეტიენი’’ მის სანაცვლოდ ჯიუტად ითხოვს 20 მილიონ ევროს, ოღონდ ამ ფასად თავდამსხმელი ვერ იყიდება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.