იურგენ კლოპის უარყოფითი დამოკიდებულება კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატისადმი ყველას კარგად მოეხსენება. „ეს არის ყველაზე ცუდი იდეა, რომლისთვისაც ოდესმე ხორცი შეუსხამთ’’, ― თქვა გერმანელმა. ფრანგმა არსენ ვენგერმა კი კლოპის საპირისპიროდ განაცხადა, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი არის შეჯიბრება, რომელსაც მხარს უჭერს ყველა, ვინც მასში მონაწილეობა მიიღო: კლუბი, ფეხბურთელი თუ მწვრთნელი.
„არსენალის’’ ლეგენდარულ თავკაცს კლოპის შეხედულების კომენტირება სთხოვეს. მან თქვა: „ახლა მე თქვენ ძალიან საინტერესო კითხვაზე ძალიან მოსაწყენ პასუხს გაგცემთ: ყველას აქვს უფლება გამოთქვას თავისი შეხედულება, მაგრამ მე იურგენ კლოპის აზრს არ ვიზირებ. მე ვგრძნობ, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი საჭირო შეჯიბრებაა. თუ მონაწილე კლუბებს გამოკითხავთ, ნახავთ, რომ ამ ჩემპიონატს უკლებლივ ყველა მხარს უჭერს და მომავალშიც სიამოვნებით მიიღებს მასში მონაწილეობას. და ეს არის საუკეთესო პასუხი კითხვაზე, უნდათ თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატი თავად კლუბებს. რაც შეეხება შეკითხვას, მოსწონთ თუ არა ჩემპიონატი გულშემატკივრებს, გეტყვით, რომ იმასთან შედარებით, რასაც ველოდით გაცილებით მეტი ხალხი მოვიდა. ესეც პასუხი’’.
საინტერესოა, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მაგალითზე ფიფა სწავლობს, თუ რა უნდა მოუხერხოს ზაფხულის მაღალ ტემპერატურას გაისად, როდესაც ნაკრებთა მსოფლიოს ჩემპიონატს ერთბაშად ამერიკის რამდენიმე ქვეყანა უმასპინძლებს. ცნობისთვის: ყველაზე მეტ თამაში აშშ-ში გაიმართება.
„ფაქტია, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზოგიერთ შეხვედრაში სიცხე ნამდვილი პრობლემა იყო, თქვა ვენგერმა, ― მაგრამ ჩვენ მას გამაგრილებელი შესვენებებით და მოედნის ხშირი მორწყვით შევებრძოლეთ. დაკვირვებამ ბევრი რამ გვასწავლა. ყველაზე მეტად ტემპერატურამ ხელი ორ ქალაქში შეგვიშალა. ერთ-ერთი მათგანი იყო ორლანდო, მაგრამ როდესაც ამ საკითხზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მოედნების ხარისხი და თავისებურებებიც. აქ მინდორი სხვა ქვეყნებთან შედარებით ცოტა განსხვავებულია ― ბალახი უფრო ხეშეშია და მოედნის ზედაპირი „ბრტყელი’’. და როდესაც მოედნები შესვენებებზეც მოვრწყეთ, ყველა კმაყოფილი დარჩა.
რასაკვირველია, გაისად სტადიონები უფრო მეტად იქნება გადახურული, ხოლო სატელევიზიო დრო უფრო სენსიტიურად შეირჩევა. მეორე მხრივ, ამინდი ყველასთვის ერთი და იგივეა. ჩვენს ანალიტიკოსებს ვთხოვე შეესწავლათ, თუ რა კომპონენტზე იმოქმედა მაღალმა ტემპერატურამ ყველაზე მეტად. გაირკვა, რომ 35 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა ხელს უშლის სწაფ სირბილს. ვაზუსტებ, სპრინტერულ გარბენებს და არა ჯამში დაფარულ მანძილს. ამისათვის მზად უნდა ვიყოთ’’.
