სტამბოლის ორი დიდი კლუბი ჟორჟისთვის ქიშპობს

Home კატეგორიის გარეშე სტამბოლის ორი დიდი კლუბი ჟორჟისთვის ქიშპობს
სტამბოლის ორი დიდი კლუბი ჟორჟისთვის ქიშპობს

ფინანსური პრობლემების წინაშე მდგომ „ლიონს’’ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს.  ყველაზე აქტიურად ქართველ თავდამსხმელზე ჟორჟ მიქაუტაძეზე ლაპარაკობენ.

„ლიონს’’ ერთ კვირაში ეცოდინება რა ბედი ეწია მის აპელაციას ანუ დატოვებენ ლიგა 1-ში თუ მომდევნო სეზონს ლიგა 2-ში გაატარებს. როგორც ფრანგული მედია წერს, იმ შემთხვევაშიც კი თუ კლუბს ლიგა 1-ში დატოვებენ, მას საქმე კარგად არ ექნება ― რონისპირელებს ქამრების შემოჭერა მოუწევთ. სხვა სიტყვებით ეს რამდენიმე წამყვან ფეხბურთელთან გამოთხოვებას ნიშნავს. მათ შორის სიაში პირველი მიქაუტაძეა, რომელმაც „გონების’’ პირველ სეზონში გაიბრწყინა. მართალია ჟორჟი ყველა ტურში სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, მაგრამ სამ შეჯიბრებაში ერთად 17 გოლი გაიტანა, რამაც ევროპაში მის მიმართ ინტერესი გააღვივა.

და აი, პირველი კონკრეტული ნაბიჯი სტამბოლის „გალათასარაიმ’’ გადადგა. თურქული „მილიეთის’’ ცნობით „გალა’’ მზად არის „ლიონს’’ 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. ეს ფრანგული კლუბის ახალი პრეზიდენტისთვის მიშელ კანგისთვის კარგი თანხაა. ის, რომ სტამბოლის კლუბი ვაჭრობას გულუხვი წინადადებით იწყებს იმით არის ნაკარნახები, რომ მიქაუტაძის შეძენა პირადად მწვრთნელ ოქან ბურუქს გადაუწყვეტია. მას ქართველი ფორვარდი ძალიან მოსწონს.

გარდა ამისა „მილიეთის’’ აზრით „გალათასარაის’’ კარგად მოეხსენება, რომ მიქაუტაძის შეძენა მის მოქიშპეს „ფენერბაჰჩეს’’ ანუ მის თავკაცს ჟოზე მოურინიუს უნდა. ფეხბურთელის აგენტი „კანარიალარის’’ ანუ იადონების წარმომადგენლებს უკვე ელაპარაკა. სტამბოლის ორ კლუბს შორის გაჩაღებული ვაჭრობა „ლიონისთვის’’ ფინანსურად ცხადია მომგებიანია, აი, სპორტული მხარე კი სხვაა: ახალგაზრდა ქართველს, რომელიც დაბადება-აღზრდით ლიონიდანაა, მშობლიური ქალაქის გუნდში ალექსანდრ ლაკაზეტის შემცვლელად და შესაძლოა მომავალ ლეგენდადაც კი სახავდნენ, მაგრამ კანგი მსუყე თანხაზე უარს არ იტყვის.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.