გასულ უქმეებზე გაირკვა, თუ ვინ ითამაშებს 28 ივნისს სენ-დენის დიდებულ „სტად დე ფრანსზე“ ტოპ 14-ის ფინალში, ხოლო სამხრეთში სუპერ რაგბის ჩემპიონი გამოვლინდა.
ტოპ 14
ევროპის უძლიერესი შიდა ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულისთვის შარშანდელი ფინალისტები იბრძოლებენ – „ტულუზი“ და „ბორდო“.
ზოგადად, ამ გუნდების დომინაცია არა მხოლოდ საფრანგეთზე, არამედ სრულიად კონტინენტზეც ვრცელდება. საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა „ტულუზმა“ შარშან ჩემპიონთა თასიც დაისაკუთრა, წლეულს კი ეს ტიტული „ბორდომ“ მოინადირა, ხოლო შარშან მათი ჯახი მარსელის „ველოდრომზე“ მომავალი ჩემპიონის უპირობო გამარჯვებით დასრულდა – 59:3.
ჰოდა, მეტად საინტერესოა, რა მოხდება 28 ივნისს პარიზის გარეუბანში – „ტულუზი“ 24-ე საჩემპიონო ტიტულს მოიპოვებს, თუ „ბორდო“ არსებობის ისტორიაში პირველად გახდება საფრანგეთის ჩემპიონი.
ნახევარფინალში „ტულუზმა“ „ბაიონს“ საკმაოდ მძიმე მატჩში 32:25 აჯობა, „ბორდომ“ კი, ფინალისტობა შედარებით იოლად მოიპოვა – „ტულონს“ 39:24 მოუგო და ბექა გიგაშვილის მიერ ბოლო წამებზე დადებული ლელო რომ არა, ანგარიშის სხვაობა 7 ქულით მეტი იქნებოდა.
გამოცდილი ბორჯღალოსანი შეცვლაზე 45-ე წუთზე შევიდა, ლელო კი, როგორც ითქვა, ბოლო წუთზე დადო – მარცხისთვის უკვე განწირულმა „ტულონმა“ ნახევარფინალის ფინიშზე მასირებული შეტევა დაიწყო, რომლის ფრონტმაც მარჯვენა კიდიდან „აიღე და მიეძალეთი“ თანდათან მარცხენა კუთხისკენ გადაადგილდა, იქ კი ბურთის ჯგუფურად დამიწების მცდელობა სწორედ ბექა გიგაშვილმა დააგვირგვინა.
ეს იყო ბექას მე-2 ლელო ჩემპიონატში ჩატარებულ მე-15 მატჩში, მისი ჯამური მონაგარი კი ტოპ 14-ის 112 მატჩში 11 ლელოს უდრის და ორივე მაჩვენებლით გიგაშვილი მოქმედ ქართველ მორაგბეების ლიდერთა მარაქაშია გარეული. წაგებული ნახევარფინალის შემდეგ ბექა გიგაშვილი საქართველოს ნაკრებს შეუერთდა, რომელიც 5 ივლისს, ირლანდიასთან ისტორიული საშინაო მატჩისთვის ემზადება.
სუპერ რაგბი
დედამიწის სამხრეთ ნაწილში კი ალბათ პლანეტის უძლიერესი საკლუბო ტურნირი დასრულდა, თუმცა ფრანგული გიგანტების ბოლოდროინდელი მომძლავრების ფონზე ეს, შესაძლოა, უკვე სადაოც კი იყოს.
ახალ ზელანდიაში, ქრაისთჩერჩში „აპოლო პროჯექტ სთედიუმზე“ ორი დიდი ზელანდიური ფრენჩაიზის უდაძაბულესი რკენა შედგა – „ქრუზეიდერსმა“ „ჩიფსს“ 16:12 მოუგო და ისტორიაში მე-13 ტიტული მოიპოვა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ „ქრუზეიდერსმა“ ჩვეული ფორმა მხოლოდ პლეი-ოფისკენ აკრიფა, თორემ „ჩიფსმა“ რეგულარულშიც ორჯერ დაამარცხა და საკუთრივ რეგულარულიც პირველ ადგილზე დაასრულა.
ამრიგად, „ქრუზეიდერსმა“ ბოლო შვიდ გათამაშებაში მეექვსე ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო „ჩიფსმა“ ზედიზედ მესამე ფინალი წარუმატებლად დაასრულა.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე14/04/2026 | 13:24შიოშვილი, გიგაშვილი და ჭუმბაძე…
დავთარი06/04/2026 | 19:041 ევროპული და 5 ფრანგული
დავთარი02/04/2026 | 20:08შორეული იმედები
დავთარი30/03/2026 | 17:15შიოშვილმა ფრანგული ანგარიშიც გახსნა
