პარიზის საპოვნელად დარჩა ოთხი დღე

Home კატეგორიის გარეშე პარიზის საპოვნელად დარჩა ოთხი დღე
პარიზის საპოვნელად დარჩა ოთხი დღე

Goncalo Ramos of Paris Saint-Germain reacts after the defeat with teammates during the Ligue 1 match between Paris Saint-Germain and OGC Nice at Parc...„პარი სენ ჟერმენის’’ დაუმარცხებელი სეზონი არ შედგა. როგორც „პარიზიენი’’ წერს გუნდის მიმართ ეჭვები გაჩნდა, თან ყველაზე ცუდ მომენტში. ლუის ენრიკეს ფეხბურთელები არ ელოდნენ, რომ 25 აპრილს „პარკ დე პრენსს’’ ამდენი პრობლემით დამძიმებულები დატოვებდნენ. ეს იყო მეორე მარცხი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან’’ 2:3-ის შემდეგ ― ოთხი თამაშიდან ორი წაგება. დანარჩენი ორი შეხვედრა, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის გუნდმა არ წააგო, შედგებოდა „ლე ავრთან’’ შინ არცთუ იოლი მოგებისგან (2:1) და „ნანტთან’’ უსახური ფრისგან (1:1). სხვა სიტყვებით, ბირმინგემში თამაშის მერე რაღაც შეიცვალა. და კიდევ, პარასკევს ლუის ენრიკემ „ნიცასთან’’ შინ ზეზდიზედ მეორედ წააგო. „იმედია, გაისად მაინც იღონებს რაღაცას’’, — წერს პარიზული გაზეთი.

მაშ ასე, „არსენალთან’’ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ ასტურიელი მწვრთნელის ქვეშევრდომებმა ეფექტურობა დაკარგეს როგორც უბურთო გადაადგილებებში, ასევე პოზიციების შეცვლასა და ორთაბრძოლებში. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ ფორმის პიკი გადაიარეს და თუ ეს ასეა, მაშინ გუნდი დიდი პრობლემის წინაშე დგას.

„ნიცას’’ წინააღმდეგ ლუის ენრიკემ ის შემადგენლობა ათამაშა, რომელსაც დიდი ალბათობით ლონდონშიც ენდობა. მწვრთნელს „ნანტთან’’ უსახური მატჩის შემდეგ ფაქტობრივად როტაციისთვის არ მიუმართავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელების დიდი ნაწილი „ემირეითსზე’’ რვა დღეში მესამედ გავა მოედანზე, რაც, თუ მათ ბოლოდროინდელ ფიზიკურ მდგომარეობას გავიხსენებთ, კარგს არაფერს მოასწავებს. მოედანზე მატვეი საფონოვი, კანგ-ინ ლი ან გონსალუ რამუში რომ ყოფილყვნენ, ანალიზიც სხვანაირი იქნებოდა. „პარიზიენი’’ წერს, რომ მაშინ ჩაითველობდა, თითქოს თამაში სათადარიგო შემადგენლობამ წააგო, ახლა კი ერთგვარი პანიკაა.

ჟოაო ნევეშს ვერ იცნობდი, ხშირად იგვიანებდა. ვიტინია სამხრეთელების პირველი გოლის დროს შეცდა. დაშლილ, უკბილო დაცვის ხაზს მარკინიოსმა სიმშვიდე ვერ შესძინა. საერთოდ, უკანა ხაზი სტანდარტული მდგომარეობების დროს ჩაფლავდა, არადა ევროპის წამყვან კლუბებს ეს კომპონენტი განსაკუთრებით აქვთ განვითარებული. პარიზელები „არსენალთან’’ პრობლემებს უნდა ელოდნენ.

მაგრამ, ამ ყველაფერს პრესა ალბათ მაინც ნაკლებად ტრაგიკულად აღწერდა, ოსმან დემბელე და კომპანია მეტოქის მეკარეს მარჩინ ბულკას რომ არ გადაწყდომოდა. 25 წლის პოლონელს ვარსკვლავური დღე ჰქონდა — 12 დარტყმა მოიგერია, თარ როგორები.

მას მერე, რაც სტუმრამა გუნდმა ანგარიში გახსნა პარიზლებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს. ეს 5 წუთში მოხდა. გაჩნდა იმედი, რომ პსჟ კვლავ შეძლებდა იმას, რითაც ცნობილია ― მტკიცე ხასიათს გამოავლენდა და თამაშს სათავისოდ მოატრიალებდა, მაგრამ „პარიზიენის’’ თქმით, აღმოჩნდა, რომ ბირმინგემში თუ სადღაც ლუის ენრიკეს გუნდს ეს თვისება დაუკარგავს. საფრანგეთის დედაქალაქს ჰყავდა გუნდი, რომელსაც საკუთარი თავისა სწამდა, მაგრამ ეს თვისება სადღაც დატოვა. ახლა მის საპოვნელად ოთხი დღე აქვს დარჩენილი.

რაც შეეხება ხიჩა კვარაცხელიას, მისი თამაში flashscore-მა 7.1-ით შეაფასა (გუნდში მესამე შეფასება), whoscored-მა 7.4-ით (გუნდში მეორე შეფასება), ხოლო Sofascore-მა 7.7-ით (გუნდში მესამე შეფასება ვიტინიასთან ერთად). პარიზელთაგან საუკეთესოდ ყველამ ოსმან დემბელე დაასახელა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.