ილიას ოქრო

ილიას ოქრო

ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის ოქროს მედლის მფლობელიაპოდგორიცაში დასრულდა ძიუდოისტთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი. საქართველოს დელეგაციამ მედალი ბოლო დღესაც მიითვალა… თანაც ოქრო…

ილია სულამანიძე (100 კგ.) ევროპის ჩემპიონი გახდა. ჩვენებური პირველი წრიდან თავისუფალი იყო, მედლისკენ მიმავალ გზას კი სერბი ალექსანდრ კუკოლის ძლევით შეუდგა; მეოთხედფინალში იტალიელ ჯენარო პირელის იუკოთი აჯობა; ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელი არმან ადამიანს ვაზარით სძლია. ყველას გემახსოვრებათ 2024 წლის ოლიმპიური ფინალი, სადაც სულამანიძე აზერბაიჯანელი კოცოევთან ბოლო წამზე დასანანად დამარცხდა. პოდგორიცაში კი რევანში შედგა. ილია მთელი ჭიდაობის მანძილზე აქტიური იყო, მეტოქეს იუკოც აართვა, შემდეგ სულ შეტევაში იყო და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

დღეს კიდევ ორი მონაწილე გვყავდა და კიდევ ერთ მედალსაც ველოდით, მაგრამ… გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) მძიმე წონაში განთესილი იყო, მერვედფინალში კი თურქ რეჯეპ ერგინთან დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა. სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ.) პირველ წრეში აზერბაიჯანის წარმომადგენელ ნიგარ სულეიმანოვას კი აჯობა, მაგრამ მარია ივანოვასთან იპონით დამარცხდა.

ხვალ გუნდური ტურნირია. საქართველო უნგრეთის ნაკრებით იწყებს. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი ილია სულამანიძის გარდა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) მოუტანა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი ვერცხლს დასჯერდნენ.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...