სადისციპლინო კომიტეტმა „მარსელის’’ პრეზიდენტსა და საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის ვიცე პრეზიდენტ ესპანელ პაბლო ლონგორიას შეღავათი არ გაუკეთა. არც იყო ღირსიო, წერს „პარიზიენი’’. შაბათს ოსერში თამაშის შემდეგ („მარსელმა’’ 0:3 წააგო) ლონგორიამ მსაჯებს კორუფციაში დასდო ბრალი და ლიგა 1-ს განავალი უწოდა, რის გამოც მას 15 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. სხვა სიტყვებით ლონგორიას სასჯელის მოხდა 2025-26 წლების სეზონის მეოთხე ტურამდე ანუ სექტემბრამდე მოუწევს. კომიტეტი ოთხშაბათს ერთ საათზე მეტხანს განიხილავდა საკითხს. სხდომას თავად ლონგორიაც ესწრებოდა.
38 წლის საფეხბურთო ჩინოვნიკი კარგა ხნის განმავლობაში ლიგის ხელმძღვანელობის შეკრებებსაც ვერ დაესწრება. არადა, ქვეყანაში რთული პერიოდია. რადგან როგორც თავად ფრანგები ამბობენ, სატელევიზიო უფლებებთან დაკავშირებით ქაოსია და DAZN-თან იურიდიული დავა მიმდინარეობს.
ასეთ დროს მთავარ თემად ლონგორიას საკითხის წამოწევა არავის აძლევდა ხელს, მაგრამ რა გინდა ქნა? „მარსელის’’ პრეზიდენტის გამოხდომას ვერ გაატარებდნენ. მსაჯები უკიდურესად გაღიზიანებულან. საფეხბურთო ისტაბლიშმენტი მის სამაგალითო დასჯას ითხოვდა. უმაღლესი რანგის მენეჯერს ბოდიშმაც ვერ უშველა. არადა მან სცადა განემარტა, რომ „მარსელი’’ მიმდინარე სეზონში მსაჯთა შეცდომების გამო ბევრჯერ დაზარალდა, რის გამოც გაღიზიანებული იყო, მაგრამ ეტყობა სიტყვასაც მოზომილად უნდა თქმა. ლონგორია შეეძლოთ დაესაჯათ მინიმუმ სამი მატჩით და მაქსიმუმ ნახევარი წლით. როგორც ხედავთ, მას მაქსიმალური სასჯელი გამოუტანეს.
შაბათს „მარსელი’’ ველოდრომზე „ნანტს’’ მასპინძლობს. საინტერესოა, რა სიმღერებს მოამზადებენ ადგილობრივი ფანები, როგორ გამოხატავენ თავის მხარდაჭერას პაბლო ლონგორიას მიმართ. პრეზიდენტი ამას ლოჟიდან თავისი ყურით მოისმენს. საქმე ის არის, რომ დისკვალიფიკაცია, რომელიც ესპანელს მიუსაჯეს თავისებურია. ლონგორიას უფლება არ აქვს ჩავიდეს სათადარიგოთა სკამთან და გასახდელში, ტრიბუნაზე კი რამდენიც უნდა იმდენი შეუძლია იჯდეს.
წეს-კანონი ლონგორიას მარჯვენა ხელმა მეჰდი ბენატიამაც ძალიან კარგად იცის. იანვრის ბოლოს „მარსელის’’ საფეხბურთო დირექტორსაც მიუსაჯეს სამთვიანი დისკვალიფიკაცია. მიზეზი: საფრანგეთის თასზე „ლილთან’’ შეხვედრაში მან მეოთხე მსაჯს შეუტია. ბენატიამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ლონგორიას ჯერ არ გაუსაჩივრებია.
ასეთ პირობებში მწვრთნელ რობერტო დე ძერბის სპორტულ საკითხებში მრჩეველი ფაბრიციო რავანელი უნდა დაუდგეს გვერდში, მაგრამ ვაგლახ. იტალიელი ვეტერანი თავადაც სამი მატჩით არის დისკვალიფიცირებული. ამასწინათ მსაჯობას მანაც სკანდალური უწოდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
