სამივლინებო ჩანაწერები

Home დავთარი სამივლინებო ჩანაწერები
სამივლინებო ჩანაწერები

ჩეხეთთან მოგების სიხარული იოტისოდენადაც არ იყო განელებული, რომ უკვე თვითმფრინავში ვიჯექი და ალბანეთისკენ მქონდა გეზი აღებული.

ტირანაში ნაკრებთან ერთად გამოვფრინდით რამდენიმე კოლეგა და ქართული სპორტის ქომაგთა ერთი ჯგუფი, რომლებიც, ეჭვი არ შეგეპაროთ, ომახიანად კი უგულშემატკივრებენ ჩვენს ბიჭებს, ოღონდაც გადაჭედილ „ეარ ალბანიაზე“ ძნელი წარმომიდგენია, რომ მათი ხმა ალბანელთა სკანდირებებში არ ჩაიკარგოს.

ყველა ბილეთი რომ გაყიდულია, თქმაც არ სჭირდება. ისე კი, თუ დააკვირდებით, ჩვენი და ალბანელების ბოლოდროინდელი გზები მეტად ჰგავს ერთმანეთს. ორთავემ ვითამაშეთ ევროზე, ოღონდაც მათთვის ეს პირველი ევრო არ ყოფილა. ახალი სეზონის პირველ ტურშიც ჩვენსავით მოიგეს და კარგ გუნებაზე ბრძანდებიან.

აკი, ალბანელი ქომაგი იქადნება, ქართველებს ჯოჯოხეთს მოვუწყობთ სტადიონზეო. ამ გაცვეთილი მუქარის პასუხი რაც უნდა იყოს, კარგად მოგეხსენებათ – გადი და შეუგდე! ცხადია, ისიც მესმის, რომ „გადი და შეუგდე“ სათქმელად უფრო იოლია, ვიდრე შესასრულებლად.

ისევ მგზავრობას მივუბრუნდები. თბილისის აეროპორტში ადრიანად მისულს ჩეხები დამხვდნენ, თავჩაქინდრულები, უხმაუროდ გაიარეს რეგისტრაცია და აუყვნენ ესკალატორს გაფრენის ზონისკენ.

ჩვენები კიდევ მხოლოდ სალონში ვნახე. ცალკე გასასვლელიდან შემოიყვანეს პირდაპირ ტრაპამდე და თან დროშიც ყველაფერი ისე გახლდათ გათვლილი, რომ ფეხბურთელების სავარძლებში დასხდომა და თვითმფრინავის დაძვრა ერთი იყო.

ტირანაში გვარიანი სიცხე დაგვხვდა, თუმცა დღეს წამოწვიმა და ჩვენებმა მცირე წვიმის თანხლებით ივარჯიშეს. ვარჯიშამდე კი წესისამებრ, პრესკონფერენცია იყო, რომელზეც ვინი სანიოლთან ერთად გიორგი მამარდაშვილი მოვიდა.

ვილი სანიოლი

– საქართველოს და ალბანეთის ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინეს. ვიცით, რომ ძალიან ძლიერი გუნდს ვხვდებით. ვიცით, სტადიონზე არსებული შესანიშნავი ატმოსფეროს და იმის შესახებ, რომ რთულ გარემოში თამაში მოგვიწევს. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი საშუალებაა, რომ ფხიზლად იყვნენ. ორი წლის წინ ალბანეთთან 0:0 ვითამაშეთ და მეტოქის ძალები კარგად შევისწავლეთ. შევეცდებით, რომ ალბანეთთან ისეთი მატჩი ჩავატაროთ და ისეთი კონცენტრაციით ვითამაშოთ, როგორც ეს ჩეხეთის ნაკრებთან თბილისში გავაკეთეთ. როცა გუნდი იგებს, მათი შეფასება გაცილებით მარტივი ხდება. უკრაინასთან მატჩში მათ კარგად ითამაშეს. ვფიქრობ, ჩვენსა და ალბანეთის ნაკრებს შორის ბევრი საერთო არსებობს.

გიორგი მამარდაშვილი

– საქართველოს ნაკრებში კარის მშრალად შენახვა სადებიუტოდ სწორედ ალბანეთში მოვახერხეთ. მაშინ ჩემი ევროპული კარიერა ახალი დაწყებული გახლდათ, ამის შემდეგ, ვფიქრობ საკმაოდ განვვითარდი. იმედი მაქვს, რომ ამ სტადიონზე გასამართი შემდეგი მატჩიდანაც კარგი მოგონებები გაგვყვება, ისე ვითამაშებთ, როგორც ჩეხეთთან და გავიმარჯვებთ.

ღმერთმა უსმინოს! იმედი მაქვს, ყველაფერი მართლაც ისე იქნება, როგორც გიორგი მამარდაშვილმა ისურვა.

                                                                                                                            გიორგი დარჯანია ტირანადან საგანგებოდ სარბიელისთვის

ავტორის პროფილი

გიორგი დარჯანია
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.