დღევანდელი ნეაპოლური საიტების მთავარი თემა რომელუ ლუკაკუა. „პარტენოპეელები” სატრანსფერო ბაზარზე ორი საკითხით არიან დაკავებულები: ცდილობენ ვიქტორ ოსიმენი რამენაირად „პარი სენ ჟერმენს” მიჰყიდონ და „ჩელსისთან” ლუკაკუს საქმე გაკვაჭონ.
„ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენს 130 მილიონ ევროდ აფასებს, რაც საყოველთაო აზრით ბაზრის ჩარჩოებიდან ამოვარდნილი თანხაა. პარიზელები ამდენის გადახდას არ აპირებენ. ბოლო ინფორმაციით, „ნაპოლიმ” ნიგერიელის ფასი დაახლოებით 80 მილიონ ევრომდე უნდა შეამციროს ან საკუთარი ხაფანგის მსხვერპლი გახდება. დე ლაურენტისი ცაიტნოტშია. ერთი მხრივ მან რაც შეიძლება მალე უნდა ჩააბაროს მთელი გუნდი ანტონიო კონტეს, რათა ამ უკანასკნელმა სეზონისთვის ხეირიანი მომზადება მოასწროს, მეორე მხრივ კი ჯერ ოსიმენი ჰყავს გასაყიდი. ამბობენ, რომ პროცესს კოლო მუანის გაჭიანურებული ტრანსფერიც აბრკოლებს. იმისათვის, რომ ოსიმენი შეიძინოს, „პარი სენ ჟერმენმა” მისთვის ადგილი უნდა გაათავისუფლოს.
ამასობაში გრძელდება ნეაპოლელთა მოლაპარაკება „ჩელსისთან” და ლუკაკუს წარმომადგენლებთან. „სქაი სპორტის” ჟურნალისტი, სატრანსფერო ბაზრის სპეციალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს: „ოთხშაბათს შედგა მორიგი საუბარი ლუკაკუს გარემოცვასთან. მხარეები მუშაობენ სამწლიან კონტრაქტზე.შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელი წელიწადში 6 მილიონ ევროსა და პრემიებს აიღებს, სარეკლამო უფლებები კი კლუბს გადაეცემა. რაც შეეხება კლუბებს შორის გარიგებას, დე ლაურენტისს სურს ბელგიელში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს, „ჩელსი” კი 35 მილიონს ითხოვს”.
ალბათ „ჩელსის” თავდამსხმელის ფასის შემცირება მოუწევს, მაგრამ რამდენად, ეს მეორე საკითხია. ის კი ფაქტია, რომ ლუკაკუ კონტეს „ნაპოლიში” გადასვლას დაჰპირდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
მთავარი ამბავი23/06/2026 | 08:31მბაპე, წვიმა, მბაპე
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 09:21გუნდების რაოდენობის გაზრდა შეიძლება დაბრკოლდეს
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 08:36ყველაზე, ყველაზე იამალი
