მიმდინარე სეზონში პირველად სანდრო მამუკელაშვილი „სან ანტონიოს“ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ჩინებულადაც ითამაშა. ტეხასურმა გუნდმა კი, სტუმრად, ნიუ ორლეანი 111:109 დაამარცხა.
მამუმ მოედანზე 27 წუთი ისე გაატარა, რომ ბურთი არ დაუკარგავს, მონაგარი კი ხვავრიელი ჰქონდა – 15 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.
სანდრომ რვიდან ექვსი ორქულიანი და სამიდან ერთი სამიანი ჩააგდო, ერთი საჯარიმო კი ააცილა. ბოლო სამი მატჩია მამუკელაშვილს საკმაო დრო ეძლევა და ჩვენებურიც შესანიშნავად იყენებს. ჯერ იყო და „გოლდენ სტეიტთან“ (10 ქულა, 11 მოხსნა) ორმაგი დუბლი მიითვალა, შემდეგ კი „დენვერთან“ (10 ქულა, 9 მოხსნა) ორმაგამდე მოხსნა დააკლდა.
ამჯერად სანდროს ქულებით სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე მყოფ „სან ანტონიოს“ რეგულარულ ჩემპიონატში ოთხი მატჩი დარჩა და სეზონსაც დაასრულებს, რადგან ქართველი კალათბურთელის გუნდი ფლეი ოფში ვერც წლეულს ითამაშებს. „სფურსი“ სტუმრად „მემფისს“ და „ოკლაჰომას“ შეხვდება, ხოლო შემდეგ „დენვერსა“ და „დეტროიტს“ უმასპინძლებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
