ესეც მეთერთმე თამაში გაშვებული გოლის გარეშე! გიორგი მამარდაშვილი თანდათანობით „ვალენსიას” ისტორიაში საუკეთესო მეკარეების მარაქაში ერევა, „ღამურები” კი, დიდწილად სწორედ მისი წყალობით, ევროთასზე გასვლასთან არიან ახლოს. გულწრფელად რომ ვთქვათ, „ვალენსიამ” გრანადაში მოსაწონი ფეხბურთი ვერ ითამაშა, მაგრამ მეტოქის სისუსტში, იღბალსა და კარგ მეკარეში გაუმართლა: სტატისტიკა მეტყველებს, რომ სტუმრებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში კარში სულ ორჯერ დაარტყეს და ერთი გოლი გაიტანეს. მასპინძლებმა კი კარის ჩარჩოში სამჯერ დაუმიზნეს და სამივეჯერ მამარდაშვილმა მოიგერია. რაც შეეხება უზუსტო დარტყმებს, „გრანადამ” შვიდჯერ სცადა ბედი და ერთხელ ხარიხაც შეატოკა ეფექტურად.
შაბათს ესპანეთში თასის ფინალია, „ბილბაო” „მალიორკას” ხვდება. ამ შეხვედრაზე პირდაპირ არის დამოკიდებული, თუ რამდენი გუნდი გავა ლა ლიგიდან ევროთასებზე. „ვალენსიას” თავკაცს რუბენ ბარახას მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზეც სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს:
„ჩვენთვის უმჯობესი იქნება თუკი „ბილბაო” გაიმარჯვებს, რადგან ამ შემთხვევაში კონფერენციის თასზე მეშვიდეადგილოსანიც გაემგზავრება, მაგრამ მეორე მხრივ ეს ფინალია, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი გუნდი, რომელთაც დიდი ხანია თასი არ მოუგიათ. ამიტომ, დაე ძლიერმა გაიმარჯვოს”, — ნაწილობრივ გულწრფელად და ნაწილობრივ დიპლომატიურად უპასუხა ბარახამ.
მეშვიდე ადგილზე კი 30 ტურის შემდეგ სწორედ „ვალენსიაა”, რომელიც მდევარ „ბეტისს” ორი ქულით უსწრებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 11:37დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 10:21ხულიგნობა პარიზის ცენტრში
სიახლეები31/05/2026 | 08:48ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა
კატეგორიის გარეშე31/05/2026 | 07:52შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
