დღეს ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისა”და „ატალანტას” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რაც „აძურის” გულშემატკივართათვის დიდი დარტყმაა — მატჩს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სამაგიეროდ, calciomercato-მ დაწერა, რომ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა და კვარაცხელიას მხარემ კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. ახლა ნეაპოლელ ტიფოზებს შეუძლიათ გული საგულეს ჰქონდეთ — ქართველი გარემარბი „მარადონაზე” დარჩება და მომავლის გუნდის მშენებლობაში ქვაკუთხედის როლს შეასრულებს. საიტი წერს, რომ თვეების განმავლობაში მხარეები ერთმანეთს მინიშნებებით ელაპარაკებოდნენ რომელთა ნაწილი პრესაში ქვეყნდებოდა, მაგრამ ახლა ხელშეკრულების გაფორმების რეალური წინაპირობა არსებობს.
calciomercato-ს თქმით ამიერიდან „ნაპოლის” თავი ქუდში აქვს, რადგან კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს ერთად არ დაკარგავს. ის, რომ ნიგერიელი გუნდიდან წავა უკვე გადაწყვეტილი ჩანს და სწორედ ამიტომ იყო საჭირო ქართველისთვის ხელფასის მომატება. ბოლო ინფორმაციით კვარაცხელიას გასამრჯელო წელიწადში 1,5 მილიონი ევროდან 4,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
და მაინც, საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ კიდევ ორი საკითხია მოსაგვარებელი. პირველი კონტრაქტის მოქმედების ვადებს ეხება. გარემარბის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2027 წლამდეა ძალაში, მისი განახლების ვარიანტი კი ორია: 2028 ან 2029 წლამდე.
მეორე საკითხი გამოსასყიდ თანხას ეხება, რადგან დე ლაურენტისს არ უნდა მოულოდნელად გამოჩნდეს ესა თუ ის მდიდარი კლუბი და ფეხბურთელი წაართვას. „ნაპოლის” მფლობელი ცდილობს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად რაც შეიძლება დიდი რიცხვი ჩაწეროს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
