იტალიის ტელევიზიით პროგრამა Le Iene-ს მორიგი გადაცემა გავიდა, სადაც ჟურნალისტმა ფილიპო რომამ კვლავ მიიწვია ანონიმური მსაჯი. მოქმედმა არბიტრმა, რომელიც კვლავ შეცვლილი ხმითა და დაფარული სახით წარსდგა მაყურებლის წინაშე თავის ადრინდელ ნათქვამს ახალი დეტალები დაამატა. საუბარი შეეხო მსაჯების თამაშებზე გამნაწილებლის ჯანლუკა როკის მიერ პირველი გადაცემის შემდეგ დღეს მოწვეულ თათბირს და იტალიის სუპერთასის ფინალის მეორე ტაიმში ანტონიო რაპუანოს მიერ ჯოვანი სიმეონეს გაძევებას.
— რა მოხდა პირველი გადაცემის შემდეგ? — ჰკოთხა ჟურნალისტმა ანონიმურ მსაჯს.
— მსაჯთა ეროვნულ კომისიაში მღელვარება დაიწყო. იგრძნობა შფოთვა, ყველას თავისი ეჭვი აქვს ანონიმურ მსაჯთან დაკავშირებით.
— რას ამბობენ თქვენი კოლეგები თავად ინტერვიუს შესახებ?
— ბევრი ანონიმური მსაჯის მიმართ სოლიდარული გამოდგა და გადაცემაში წამოჭრილ საკითხებს მხარი დაუჭირა. მეორე დღეს როკიმ კრება დანიშნა. ზუმის მეშვეობით კრებაში დაახლოებით ასსამოცმა მსაჯმა მიიღო მონაწილეობა.
— და რა გითხრათ როკიმ მსაჯებს?
— ეტყობოდა, რომ გადაცემამ მასზე იმოქმედა, გვთხოვა ამ ყველაფერში ემოციურად არ ჩავერთოთ, უბრალოდ ჩავიცვათ ფორმა და ყოველ კონკრეტულ შეხვედრაში ჩვენი მაღალი პროფესიონალიზმი ვაჩვენოთ. მან თქვა, რომ გადაცემა მედიის მიერ მოწყობილი მორიგი პროვოკაცია იყო და მისი მსაჯების წინააღმდეგ იყო მიმართული. მან აგრეთვე თქვა, რომ თუ მაბეზღარა მართლა არსებობს, ის სეზონის ბოლომდე მასთან მივა, ბოდიშს მოუხდის და აღიარებს, რომ სისულელე ჩაიდინა.
— აპირებთ როკისთვის ბოდიშის მოხდას?
— არავითარ შემთხვევაში, რადგან ჯერ კიდევ ბევრ კითხვას არ გასცემია პასუხი. ბევრი რამ არ გამოაშკარავებულა.
— აბა, მსაჯთა ასოციაციას თქვენს დახმარებას პირდაპირ შესთავაზებთ?
— არა, რადგან ვიცი, თუ რა მოჰყვებას ამას: რადიაციის ქვეშ აღმოვჩნდები. ანონიმური გამოსვლა ჩვენს სფეროში არსებული პრობლემების წამოსაჭრელად უკვე ძალიან დიდი საქმე იყო.
— მიგაჩნიათ, რომ თქვენი გამოსვლის შემდეგ მოედანსა და VAR-ის ოთახში შეცდომები იკლებს?
— დიდი იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. გახსოვთ, ჩვენი პირველი გადაცემის წინა დღეს გაიმართა იტალიის სუპერთასის ფინალი „ინტერსა” და „ნაპოლის” შორის, რომლის დროსაც „ნაპოლის” ფეხბურთელი ჯოვანი სიმეონე ორი ყვითლის გამო მოედნიდან გააძევეს. სიმეონეს პირველი გაფრთხილება აშკარა შეცდომა იყო. მან წესი ჩვეულებრივად დაარღვია, განსაკუთრებული არაფერი ჩაუდენია. იმ ეპიზოდში ყვითელი ბარათის ჩენება სრულიად უადგილო იყო.
— თქვენ პირველ გადაცემაში თქვით, რომ ხშირად VAR ეპიზოდის შესაფასებლად სხვა რაკურსს ირჩევს და არა იმას, რომლიდანაც მომხდარი უფრო კარგად ჩანს. როკის ამაზე ხომ არ უთქვამს რამე?
— არა, „სასუოლო”-„ლაციოსა” და „იუვენტუსი”-„რომას” შეხვედრების შესახებ არ გვილაპარაკია, არადა ვფიქრობ კარგი იქნებოდა მსაჯთა კომისიის ხელმძღვანელს ამის შესახებ განმარტებები მოეცა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში მომავალში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
