როგორ ითამაშებს ხალხნაკლული ნაპოლი ლაციოსთან?

Home კატეგორიის გარეშე როგორ ითამაშებს ხალხნაკლული ნაპოლი ლაციოსთან?
როგორ ითამაშებს ხალხნაკლული ნაპოლი ლაციოსთან?

დღეს რომის „სტადიო ოლიმპიკოზე” „ლაციო” „ნაპოლის” მასპინძლობს. ცოტა ხნის წინ ორივე გუნდი საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის გათამაშებაში მონაწილეობდა. „ლაციოს” არ გაუმართლა, ნახევარფინალში „ინტერს” შეხვდა და 0:3 წააგო. ეს ის შემთხვევა გამოდგა, როდესაც ანგარიში თამაშის შინაარსს ზუსტად გამოხატავს. რაც შეეხება „ნაპოლის”, მან ნახევარფინალში „ფიორენტინას” აჯობა 3:0, ფინალში კი „ინტერთან” 0:1 დამარცხდა. არაბეთში ვალტერ მაცარიმ ექსპერიმენტს მიმართა — გუნდი სამი მცველით ათამაშა და „აძურიმაც” უწინდელზე კომპაქტური, ბევრის აზრით სახიფათო გუნდის შთაბეჭდილებაც კი დატოვა. ფინალში „ნაპოლის” მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჯოვანი სიმეონეს გაძევება იყო. ამ გაძევების გამო არგენტინელი დისკვალიფიცირებულია და დღეს მის ნაცვლად სავარაუდოდ ჯაკომო რასპადორი ითამაშებს. სიტყვა „სავარაუდოდ” იმიტომ დავწერეთ, რომ ამ პოზიციაზე შესაძლოა ბელგიელ ახალწვეულს სირილ ნგონგესაც ეთამაშა, მაგრამ მაცარი დებიუტანტით დაწყებას ალბათ მაინც ვერ გაბედავს.

„ნაპოლის” თავკაცი რთულ დღეშია, რადგან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი აკლია. წუხელ აფრიკის თასის მერვედფინალში ვიქტორ ოსიმენის ნიგერიამ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას კამერუნი დაამარცხა (2:0) და შეჯიბრებიდან გამოთიშა, მაგრამ ცხადია ანგისა დღეს რომში ვერაფრით ითამაშებს, ხოლო ოსიმენის აფრიკული თავგადასავალი გრძელდება. ზემოხსენებული სიმეონეს გარდა დისკვალიფიცირებულები არიან იენს კაიუსტე და ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო ნატანი, ალექს მერეტი და მატიას ოლივერა ტრავმებს მკურნალობენ.

მაშ, ვინ არის მაცარის განკარგულებაში? რასპადორი უკვე ვახსენეთ, მწყობრშია მატეო პოლიტანოც. ნგონგე სავარაუდოდ სათადარიგოთა სკამზე იჯდება. ნახევარდაცვაში უნდა ველოდოთ პიოტრ ჟელინსკისა (მისი ალტერნატივა იესპერ ლინდსტრომი გახლავთ) და დიეგო დემეს გამოჩენას. დაცვას უნდა დაუბრუნდეს ლეო ოსტიგორი, კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს კი დიდი შანსია მარცხენა ფრთაზე მოუწიოს გადაბარგებამ. მაცარიმ რამდენიმე წუთით შეიძლება ლეანდერ დენდორეკიც ათამაშოს.

ilnapolista-ს ვერსიით „ლაციოსთან” „ნაპოლი” სავარაუდოდ ასეთი შემადგენლობით (3-5-1-1) ითამაშებს: გოლინი – ოსტიგორი, რაჰმანი, ჟუან ჟესუსი – მაცოკი, დემე, ლობოტკა, ჟელინსკი, დი ლორენცო – პოლიტანო, რასპადორი.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.