რამდენი უნდა გადაუხადოს მოურინიუმ დე ლაურენტისს?

Home აქეთურ-იქითური რამდენი უნდა გადაუხადოს მოურინიუმ დე ლაურენტისს?
რამდენი უნდა გადაუხადოს მოურინიუმ დე ლაურენტისს?

Josè Mourinho head coach of AS Roma looks on during the match between of SS Lazio and AS Roma - Coppa Italia at Stadio Olimpico on January 10, 2024...მოურინიუ არსად მიდის, ის გაორმაგებული ძალით ცდილობს ფეხბურთში დაბრუნებას. პორტუგელიელი  „რომადან” რამდენიმე დღეა რაც გაუშვეს, მაგრამ უკვე მომავალს გეგმავს და თან იტალიის დედაქალაქიდან არც ისე შორს. მოუ წინააღმდეგი არ არის ავტოსტრადა დელ სოლეს გაჰყვეს და იქვე, ნეაპოლში დაფუძნდეს. როგორც calciomercato-ს ჟურნალისტი სიმონე ჯერვასიო ავტორიტეტულ „თაიმსზე” დაყრდნობით წერს, „განსაკუთრებულს” არც დიდხანს დასვენება უნდა და არც სხვა ქვეყანაში გადაბარგება.

ჯერვასიო ამბობს, რომ „ნაპოლის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისსა და მოურინიუს აგენტ ჟორჟი მენდეშს შორის პირველი სატელეფონო საუბარი უკვე შედგა. მომდევნო კვირაში შეხვედრაც დაუნიშნავთ. მოუ და „პარტენოპეელთა” პრეზიდენტი პირველი შეხვედრის დროს შეეცდებიან შეიქმნან წარმოდგენა ექნება თუ არა აზრი შემდგომ შეხვედრებს, აქვთ თუ არა გადაკვეთის წერტილები და საერთოდ შეიძლება თუ არა „განსაკუთრებულის” ვეზუვის ქვეშ მიყვანაზე ფიქრი. მანამდე კი პორტუგალიელი ლაღობს. გუშინწინ ის რომში ნახეს, ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ქუჩაზე ხალხთან სელფის იღებდა და ყველას კეთილად ელაპარაკებოდა. თუმცა, „ელ ჩირინგიტოს” ინფორმაციით გუშინ ბარსელონაში იყო, სადაც ჩავის ბოლოხანს წყალი შეუდგა.

რანაირ კლუბს ეძებს მოურინიუ? ის ეძებს კლუბს, რომელიც ახლიდან იწყებს შენებას. მოუს ახალი ეტაპი სჭირდება და სწორედ იგივე უნდა „ნაპოლისაც”, რომელმაც ლუჩანო სპალეტის ტრიუმფის შემდეგ ვერც რუდი გარსიას ხელში იყოჩაღა და ვერც ვალტერ მაცარის ხელში გადის გარდამავალ პროცესს ისე, როგორც ეს გულშემატკივარს უნდა. მაცარი საერთოდაც დროებითი კაცია — ექვსთვიან კონტრაქტზე აქვს ხელი მოწერილი და ივნისში კამპანიას წესით უნდა დაემშვიდობოს. დე ლაურენტისს კი მანამდე „ქასთინგის” დრო აქვს. ჯერვასიო წერს, რომ მოურინიუს რანგის მწვრთნელი შეუძლებელია მისი სიის სათავეში არ მოხვდეს.

შეგახსენებთ, რომ „განსაკუთრებულმა” ამ დღეებში საუდის არაბეთის კლუბ „ალ-შაბაბს” შეუთვალა უარი, რადგან ევროპაში უნდა დარჩენა და თავისი უშრეტი ამბიციების დაკმაყოფილება. „ნაპოლი” პორტუგალიელისთვის კარგი ვარიანტია, თუმცა მას სეზონის დამთავრებამდე სათავეში ვერ ჩაუდგება. მიზეზი: ამ სეზონში მოურინიუ უკვე წვრთნიდა სერია A-ს კლუბს. მეორე მხრივ, კანონი იტალიის უმაღლესი ლიგის კლუბთან სამომავლო შეთანხმებას და მუშაობის შემდგომი სეზონიდან დაწყებას არ კრძალავს.

აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ თოთხმეტი წლის წინანდელი ამბავი, როდესაც დე ლაურენტისმა განაცხადა მაცარი მოურინიუს ასჯერ მირჩევნია და პორტუგალიელმა ფული აქეთ რომ გადამიხადოს მაინც არ ავიყვანო. შეგახსენებთ, რომ მაცარი „ნაპოლის” 2009-13 წლებშიც ედგა სათავეში. მაშინ მოურინიუმ ასე თქვა: „მას მე მწვრთნელად არ ვუდივარ? ეს იმიტომ, რომ ჩემს დასაქირავებლად საკმარისი ფული არ აქვს”.

ახლა, წლების შემდეგ, იგივე ადამიანები სრულიად განსხვავებულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, ფეხბურთში კი ჯერვასიოს მტკიცებით ის რაც გუშინ მნიშვნელოვანი იყო, დღეს უმნიშვნელოა.

 

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.