საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ ლიგაში მე-8 ტური გაიმართა. მართალია, ტოპ 14-ის ამ უქმეებმა ქართველი მორაგბეების ინდივიდუალური გაბრწყინებების გარეშე ჩაიარა, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით ბევრი საინტერესო რამ მოხდა.
ბოლოდან დავიწყოთ: ტურის დასკვნით მატჩში დედაქალაქურმა „რასინგ-92“-მა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონსა და ევროპის საკლუბო ჩემპიონ „ლა როშელს“ უმასპინძლა და ბონუსით, 32:10 დაამარცხა, რამაც „რასინგი“ სატურნირო ცხრილის სათავეში მოაქცია. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთამდე ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა, ვისთვისაც ეს მატჩი ტოპ 14-ში 75-ე გახლდათ.
მეორე ბორჯღალოსანი გურამ პაპიძის „პომ“ მეორე პარიზულ კლუბს უმასპინძლა და ასევე ბონუსით იმარჯვა – 30:6. პაპიძე ბასკთა გუნდის სასტარტოში იყო და 52-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო 51-ეზე „სტად ფრანსეს“ შემადგენლობაში ვეტერანი ვასილ კაკოვინი გამოჩნდა. ცნობისთვის, პაპიძემ ტოპ 14-ში თავისი მე-40 მატჩი ჩაატარა, ხოლო მისი „პო“ 27 ქულით ცხრილის მეორე ადგილზე დაფუძნდა. რაც შეეხება „სტად ფრანსეს“, ეს კლუბი 23 ქულით მეოთხე ადგილზეა.
„პოსა“ და „სტად ფრანსეს“ შორის 23-ქულიანი „ტულონი“ მოკალათდა, რომელმაც „კასტრს“ უმასპინძლა და 41:19 იმარჯვა. ტულონელთა სასტარტო შემადგენლობაში, ცხადია, ბექა გიგაშვილი იყო, რომელიც ტოპ 14-ში თავის მე-80 მატჩს ატარებდა და როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. ბექა მხოლოდ 65-ე წუთზე შეცვალეს.
2022 წლის ჩემპიონ „მონპელიეს“ კი ინგლისელი დამრიგებლის გადადგომამაც ვერ უშველა – გუნდმა „ოიონაქსს“ უმასპინძლა და 21:26 დამარცხდა, რამაც მხოლოდ სანუგეშო ბონუს-ქულა მოუტანა. მასპინძელთა სასტარტოში ბორჯღალოსანი კვაჭი ვანო კარკაძე იყო, რომელიც 47-ე წუთზე შეცვალეს. „მონპელიე“ ბოლო, მე-14 ადგილზეა და ქულით ჩამორჩება „პერპინიანს“.
კატალონიელებმაც წააგეს – ბორდოში 20:46 განადგურდნენ და მაპინძლებს ბონუსიც ააღებინეს. სტუმართა სასტარტო №1 გიორგი თეთრაშვილი გახლდათ, რომელიც 50-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო „ბორდოში“ ანალოგიური პოზიცია პირველი ტაიმის მსვლელობისას ლექსო ყაულაშვილს ეკავა, ვისთვისაც საანგარიშო მატჩი ტოპ 14-ში საიუბილეო – 150-ე იყო. ამ მაჩვენებლით მოქმედ ქართველ მორაგბეებს შორის ლექსოს მხოლოდ „კასტრის“ ბურჯი ლევან ჩილაჩავა უსწრებს, ვის აქტივშიც ტოპ 14-ში ჩატარებული 164 (!) მატჩია.
დაბოლოს, „ლიონმა“ „ბაიონს“ უმასპინძლა და 42:29 აჯობა. ბექა გიგაშვილი და დავით ნინიაშვილი „მელიების“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და თუ ბექა 75-ეზე შეცვალეს, დათომ სრული 80 წუთი გაატარა ფულბექის პოზიციაზე. ბასკური გუნდის სასტარტო 9 ნომერი კი გელა აფრასიძე იყო, რომელიც 46-ე წუთზე შეცვალეს.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/06/2026 | 13:59ფინალი: ალანია vs ჯალაღონია
სიახლეები01/06/2026 | 14:40მელიქიძე ქართველებში გალიდერდა
კატეგორიის გარეშე14/04/2026 | 13:24შიოშვილი, გიგაშვილი და ჭუმბაძე…
დავთარი06/04/2026 | 19:041 ევროპული და 5 ფრანგული
