„ნაპოლი” სერია A-ში ზედიზედ მესამე გამარჯვებას ფლორენციაში „ფიორენტინასთან” აპირებს. ნეაპოლელთა თავკაცმა რუდი გარსიამ პარასკევის პრეს-კონფერენციაზე თქვა:
…ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის უახლოესი მატჩია, მაგრამ ამ შემთხვევაში ემატება ის, რომ ჩვენ და „ფიორენტინას” ქულათა თანაბარი რაოდენობა გვაქვს და ორივეს ცხრილის თავში გვინდა ადგილის შენარჩუნება. „ფიორენტინამ” სეზონი ჩინებულად დაიწყო, თუმცა ჩვენ რასაკვირველია გვინდა მას მოვუგოთ. საბოლოო შემადგენლობის დასახელებისთვის წინ ხვალინდელი დღე, შაბათიც მაქვს, ამწუთას კი ყველაფერი რიგზეა…
…გუშინ ვუყურე „ფიორენტინას” თამაშს. ეს არის გუნდი, რომელსაც მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. მათ ბევრი რამ შეცვალეს. ისინი მუდამ შეტევაზე არიან მომართულები. „ფიორენტინა” ჩვენ გვგავს. ის ცდილობს ბურთი მეტოქის ნახევარზე მოიპოვოს. კარგად ვიცით ვის წინააღმდეგაც ვთამაშობთ, მაგრამ ისიც მოგვეხსენება, რომ თავად „ნაპოლი” ვართ და გამარჯვებებით ვაპირებთ გზის გაგრძელებას. ბიჭებს ვუთხარი, რომ თუ ზედიზედ მესამე შეხვედრასაც მოვიგებთ, სატურნირო ცხრილში ჩვენი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება…
…ჩვენს თამაშში რის გაუმჯობესება შეიძლება? უპირველეს ყოვლისა, გოლები არ უნდა გავუშვათ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც კარში ყველაზე იშვიათად ურტყამენ, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ იშვიათ დარტყმებს უნდა ვუშვებდეთ. თავდასხმაში კი დიდი პოტენციალი გვაქვს…
…დაშავებულების საქმე ასეა: პიერლუიჯი გოლინი და ჟუან ჟესუსი მომდევნო კვირაში გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებენ. ისინი თანდათანობით დაუბრუნდებიან საქმეს. რაც შეეხება ამირ რაჰმანის, ის ფაქტობრივად უკვე გამოჯანმრთელებულია, მაგრამ გარისკვად არ ღირს. რაჰმანისთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ კოსოვოელი ნაკრებში არ მიდის…
…მარიო რუის აგენტის ნათქვამზე იმას მოგახსენებთ, რომ მე ყველა აგენტის ჩივილს თუ გავეცი პასუხი, მთელი დღეები მათთან ლაპარაკში დამეკარგება. მარიოს კი ვესაუბრე. ის თავის აგენტს არ ეთანხმება. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და რასაკვირველია, როგორც ასეთს მეტი თამაში ენდომება. მიხარია, რომ ორი ძლიერი მარცხენა მცველი მყავს…
…ისეთი ფეხბურთის თამაში, „რეალთან” მეორე ტაიმში რომ ვაჩვენეთ, მიზნად უნდა დავისახოთ. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ტოლი არ დავუდეთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ძლიერები ვართ და ეს დონე უნდა შევინარჩუნოთ. მწამს, რომ ჩემი ბიჭები კვირას საღად იქნებიან…
…იესპერ ლინდსტრომზე იმას მოგახსენებთ, რომ როდესაც ფეხბურთელი გვიან ჩამოდის, ფორმაში შესვლაც უჭირს. გარდა ამისა, ჩენ და „ფრანკფურტი” პრინციპულად განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობთ. მას სხვადასხვა ფუნქციის შესრულება შეუძლია, მაგრამ როდესაც ის მოედანზეა, უკეთ უნდა თამაშობდეს. ვცდილობ დავეხმარო. ლინდსტრომს შეტევაში ჩვენთვის ახალი ვარიანტების შემოთავაზება შეუძლია…
…სანაკრებო პაუზა ჩვენ არ აგვირჩევია. ასეთია კალენდარი. მთავარია ფეხბურთელები არ დაშავდნენ…
…შეცვალეს თუ არა ნატანმა და ოსტიგორმა იერარქია დაცვის ცენტრში, ეს რაჰმანისა და ჟესუსის დაბრუნების შემდეგ გამოჩნდება…
…„რეალის” მესამე გოლის დროს უკეთ თამაში შეგვეძლო. ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ფედე ვალვერდეა დასარტყმელ პოზიციაში არ უნდა დატოვო. იმედი მაქვს, ამ მაგალითზე ჭკუას ვისწავლით…
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
