გიორგი მიქაუტაძის „აიაქსისა” და „ვაალვიკის” შეხვედრა შეწყდა, რადგან მასპინძელთა ანუ „ვაალვიკის” მეკარემ ეტიენ ვაესენმა 84-ე წუთზე („აიაქსი” 3:2-ს იგებდა) შემაძრწუნებელი ტრავმა მიიღო. ვაესენი ამსტერდამელ ბრაიან ბრობეისთან შეჯახების შემდეგ გონებადაკარგული დაეზღერთა მიწაზე.
შეშფოთებულმა ფეხბურთელებმა დაუყოვნებლივ უხმეს ექიმებს. 28 წლის მეკარე გაუნძრევლად იწვა. სამედიცინო ჩარევა სასწრაფოდ რომ იყო საჭირო ვაესენის თანაგუნდელებისა და მწვრთნელის ჰენკ ფრეიზერის შეშლილი სახეებითაც ადვილი მისახვედრი იყო. სტიუარდებმა შემაძრწუნებელ სცენას ფარდა ჩამოაფარეს. აცრემლებული მოთამაშეები მოედნიდან გავიდნენ.
ვაესენი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მოგვიანებით მისმა კლუბმა გაავრცელა განცხადება, რომ ის გონს მოეგო.
„ფართომასშტაბიანი სამედიცინო ჩარევის შედეგად მას ცნობიერება დაუბრუნდა და შემდგომი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის გამო შოკში ვართ. ეტიენს გამძლეობას ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ მალე კვლავ მასთან ერთად ვიქნებით” — წერია „ვაალვიკის” ოფიციალურ განცხადებაში.
კლუბის დირექტორმა ფრანკ ვან მოსელველდმა ჰოლანდიურ მაუწყებელ NOS-თან ლაპარაკში მომხდარი ასე აღწერა:
„ჩვენი სამედიცინო ჯგუფი დაუყოვნებლივ შეუდგა სარეანიმაციო ღონისძიებებს, მაგრამ როგორც ჩანს პრობლემა გული არ არის. როდესაც ეტიენი მოედნიდან გაიყვანეს ის გონს მოეგო, მაგრამ არ იცოდა სად იყო”.
ჩვენი მხრივ ეტიენ ვაესენს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს გიორგი მიქაუტაძეს, უიღბლობაა, რომ „აიაქსში” მაინცდამაინც მაშინ გადავიდა, როდესაც ამსტერდამულ კლუბს საქმეები არეული აქვს და გეგონება ცუდი თამაში საკმარისი არ იყოს, დამატებით მის თავს ატიპიური მოვლენები ხდება. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში „აიაქსის” შეხვედრა „ფეიენოორდთან” გულშემატკივრის ქცევის გამო შეწყდა და სხვა დღეს გაგრძელდა. ორად გაყოფილი მატჩი დასრულდა როტერდამელების სასარგებლოდ 4:0. მიქაუტაძეს კი „აიაქსის” მწვრთნელი მორის სტეინი არ ათამაშებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
