Breaking News

ბოლონიაში მოშიშვლებული დაცვით

ადრე თუ გვიან „ნაპოლის” შემადგენლობაში ნატანის დებიუტი უნდა შემდგარიყო და როგორც იტალიური პრესა წერს, ეს დღეს ბოლონიაში მოხდება. ითამაშებდა თუ არა ახალგაზრდა ბრაზილიელი ამ შეხვედრაში ჟუან ჟესუსს კუნთი რომ არ გაეჭიმა, ძნელი სათქმელია. ალბათ, არა. მაგრამ ჟესუსი ისე დაშავდა, რომ განაცხადშიც კი არ შეიყვანეს და რუდი გარსია ფაქტობრივად ცენტრალური მცველების გარეშე დარჩა. ამოცანა კი რთულია. „ნაპოლი” იტალიის ჩემპიონია და დებიუტანტის ამარა კი არა, საერთოდ დაცვის გარეშე რომ დარჩეს, ვალდებულია მხოლოდ გამარჯვებაზე იფიქროს.

ამრიგად, მე-5 ტურში „აძური” ბოლონიაში თამაშობს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ბრაგაში ყისმათის დახმარებით გამარჯვებული „ნაპოლი” ახლა სერია A-შიც შეეცდება სამი ქულის მოპოვებას. კარში ალექს მერეტი იდგება. დაცვის ცენტრში გამოუცდელ ნატანს მხარში ლეო ოსტიგორი ამოუდგება. მარჯვნივ, რასაკვირველია კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო ითამაშებს, მარცხნივ კი ნეაპოლური საიტების ვარაუდით მარიო რუის ვიხილავთ და არა მატიას ოლივერას. ნახევარდაცვაში უნდა ველოდოთ სტანდარტულ ტრიოს: სტანისლავ ლობოტკას, ანდრე-მარკ ზამბო ანგისას და პიოტრ ჟელინსკის. რაც შეეხება თავდასხმას, პორტალთა ერთი ნაწილი წერს, რომ გარსიას ჯერ არ გადაუწყვეტია რომელ ვარიანტს ენდოს: პოლიტანო-ოსიმენ-კვარაცხელიას თუ რასპადორი-ოსიმენ-კვარაცხელიას. კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იჯდებაო, არავის უწერია.

შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე გარსიას ბევრ სხვა კითხვას შორის ასეთიც დაუსვეს:

— ბოლო შეხვედრებში ოსიმენი გუნდისგან მოწყვეტილი ჩანს. რატომ აყოვნებს გუნდი თავდასხმაში ჩასვლას? ეს ხომ კვარასაც დაეხმარებოდა.

— იმედი მაქვს, რომ კვარა მალე გატეხავს ნავსს. მე მას ველაპარაკე. თუ ის მხოლოდ გოლზე იფიქრებს, ვერასდროს გაიტანს მას. მან თავისი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, იმ ნაპერწკლით, რომელიც მას ახასიათებს. მან ბურთაობით, თუნდაც დაცვაში ჩამოსვლით სიამოვნება უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაში საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნდება. რაც შეეხება ოსიმენს, ჩვენ ვნახეთ საგოლე მომენტები, რომლებიც მას ბრაგაში ჰქონდა. ვგონებ, ასეთი მომენტები მას ადრეც ეძლეოდა და ამიტომ იმედი მაქვს, რომ ის ერთ ან ორ გოლს ყველა შეხვედრაში გაიტანს.

კითხვაზე, რა მიზანი დაუსახა მას კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, ფრანგმა მწვრთნელმა უპასუხა:

— ადრეც ვთქვი, რომ „ნაპოლი” ყოველ წელიწადს ჩემპიონთა ლიგაში უნდა თამაშობდეს. ესე იგი, ოთხეულში უნდა მოხვდეთ. ახლა ჩვენ მეხუთე პოზიციაზე ვართ და ეს ძალიან არ მოგვწონს.

გარსიამ იგულისხმა, რომ „ნაპოლი” 4 ტურის მერე იყო მეხუთე ადგილზე, ვინაიდან „ფროზინონემ” სალერნოში მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა, 1:1 ითამაშა (ამ შეხვედრაში მოედანზე გიორგი კვერნაძეც შეუშვეს) და ნეაპოლელები ერთი ადგილით ქვემოთ ჩააჩოჩა.

 

პაპუნა კედია

"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.