„ნაპოლის” თამაშის შემდეგ ქართული მედია მეტწილად ინტერესდება იმით, თუ როგორ შეაფასეს იტალიურმა პორტალებმა ხვიჩა კვარაცხელია. ამჯერად, თქვენი ნებართვით, „აძურის” ყველა ფეხბურთელის ქულებსა და სიტყვიერ შეფასებებს შემოგთავაზებთ. გასაგებია, რომ ეს პირობითია მაგრამ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს. თუნდაც იმას დავინახავთ, ემთხვევა თუ არა იტალიელი ჟურნალისტების შეხედულებები ჩვენსას. ბოლონიაში ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ გაგაცნობთ calciomercato-ს მოსაზრებებს. ეს გახლავთ საიტი, რომელიც „ლა გაძეტა დელო სპორტის” აუდიტორიას მოიცავს.
მერეტი 6: მისთვის მშვიდი მატჩი იყო. მხოლოდ ერთხელ, 74-ე წუთზე მოუხდა საქმეში ჩართვა, როდესაც ზირკზეს დარტყმა მოიგერია.
დი ლორენცო 6: ჩვეულებრივ გამანადგურებლად ვერ ითამაშა, მაგრამ მაინც, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში კარგი იყო.
ოსტიგორი 6,5: კარგი ფიზიკური დუელი ჰქონდა ზირკზესთან, რომელშიც ნორვეგიელმა მეტოქეს აჯობა, გასაქანი არ მისცა.
ნატანი 6: ჰქონდა დებიუტი. საყვედური არ ეთქმის.
ოლივერა 6: შეხვედრის პირველ წუთებში გააფრთხილეს, მაგრამ ამის გამო არ დამფრთხალა და დაჟინებით მიიწევდა წინ. მეორე ყვითელიც რომ არ მიეღო, შესვენებისას შეცვალეს.
მარიო რუი 5,5: ოლივერასთან შედარებით წინ ნაკლებად მიდიოდა და კვარას არ ეხმარებოდა. მეორე ტაიმის დასაწყისში, ერთ ეპიზოდში ბურთი დაკარგა, რის გამოც ნდოიემ სახიფათო კონტრშეტევა წამოიწყო და ლობოტკა იძულებული გახდა ყვითელი მიეღო.
ზამბო ანგისა 6: რამდენიმე უხარისხო თამაშის შემდეგ უკეთ მოქმედებდა. ცალკეულ ეპიზოდებში დაკარგული ბურთი მოიპოვა.
ლობოტკა 5,5: სივრცეების ჩაკეტვაში პრობლემები ჰქონდა. ბურთის კონტროლში მონაწილეობა დიდად არ მიუღია.
ჟელინსკი 6,5: ბევრ კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ერთ ეპიზოდში გაანათა, როდესაც კვარაცხელიას შეტევის საშუალება მისცა და ამან „ნაპოლის” პენალტი მოუტანა.
რასპადორი 6: რამდენიმე ეპიზოდში ცეცხლი დაანთო. მე-5 წუთზე ოსიმენს შესანიშნავი პასი მიაწოდა, რომელმაც კინაღამ გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს მარცხენა ფეხით ხარიხასაც გაჰკრა ბურთი. სხვა მხრივ კი მარჯვენა გარემარბის პოზიციიდან თამაშიდან იყო ამოვარდნილი.
პოლიტანო 5,5: ბურთი ხშირად არ მისვლია. ერთ ეპიზოდში წესის დარღვევით გააჩერეს, რაზეც რეაქცია ჰქონდა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ოსიმენი 5: პირველად მე-5 წუთზე გამოჩნდა, მაგრამ ბედმა არ გაუღიმა და მისი დარტყმული ძელს მოხვდა. ბუეკემასა და ლუკუმის წყვილი მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა, მაგრამ ცუდად შესრულებული პენალტი მის თამაშს ლოდივით დააწვა. თამაშის ბოლოს გარსიამ შეცვალა, რაც ცუდად მიიღო.
კვარაცხელია 6: მოედანი კვლავ გოლის გარეშე დატოვა, მაგრამ ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ცდილობდა შეხვედრის მთავარი მოქმედი პირი გამხდარიყო და ხშირად იღებდა ინიციატივას.
ელმასი 6: მან გადამწყვეტი მოქმედებები ვერ ჩაატარა, მაგრამ წვრილმანი რაღაცები მოიპოვა, მაგალითად ჯარიმა მეტოქის საჯარიმოსთან.
გარსია 5,5: გუნდმა უკეთ ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ შედეგს არაფერი ეშველა. „ნაპოლიმ” სერია A-ს ბოლო სამ ტურში ორად ორი ქული მოიპოვა. „მძიმეწონოსანი” ფეხბურთელების ოსიმენისა და კვარაცხელიას შეცვლამ კვლავ კამათი გამოიწვია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
