გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია”, რომელიც ლა ლიგის ცხრილში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მე-11 ადგილზეა, შაბათს, 16 სექტემბერს, საქართველოს დროით 18 საათსა და 15 წუთზე „ატლეტიკოს” მასპინძლობს.
„ღამურებს” სანაკრებო ფანჯრის შემდეგ ლეგიონერები და ესპანეთის ეროვნულ გუნდში გამოძახებული ხოსე ლუის გაია დაუბრუნდნენ. გუნდი ტრავმირებულების, 30 წლის გვადალუპელი დიმიტრი ფულკიესა და 32 წლის ბრაზილიელი გაბრიელ პაულისტას გამოკლებით, ჩოლო სიმეონეს მრისხანე რაზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება. „ატლეტიკოს” 3 თამაშიდან 7 ქულა აქვს — მეოთხე ადგილზეა. თუ „მატრასების მკერავები” „ვალენსიას” მოუგებენ, მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ კატალონიურ გუნდებს, „ჟირონასა” და „ბარსელონას” გაუტოლდებიან.
plazadeportiva წერს, რომ ამ შეხვედრაში „ჩეების” კარს დაიცავს გიორგი მამარდაშვილი, რომლის წინ, დაცვაში, ჩენკ ოზკაჩარს სავარაუდოდ კრისტიან მოსკერა შეცვლის. ჩენკმა წინა შეხვედრაში, „ალავესთან” ცუდად ითამაშა — თავიდანვე უხეშად შეცდა, რის გამოც მამარდაშვილს მასთან პირისპირ შესული მეტოქის წაქცევა მოუხდა (პენალტი თავის გამეორებითი დარტყმით ქართველმა გოლკიპერმა მოიგერია), შემდეგ კი თურქმა თავის კარში შეაგდო ბურთი. მოსკერას დაცვის ცენტრში მხარში ამოუდგება გვინეელი მუკტარ დიაკაბი. მარცხნიდან ტრადიციულად ითამაშებს გაია. მარჯვნივ იქნება პორტუგალიელი ტიერი რენდალ კორეია.
ნახევარდაცვის შუაში დადგებიან პეპელუ და ხავი გუერა, რომლებიც მოედნის ცენტრშივე შეეცდებიან მადრიდელთა შეტევების ჩაშლას. მათ წინ, ნახევარდაცვისა და თავდასხმის შემაკავშირებლად კი უფრო პორტუგალიელ ანდრე ალმეიდას ვიხილავთ, ვიდრე მაროკოელ სელიმ ამალას.
თავდასხმაში უნდა ველოდოთ ფრან პერესსა და დიეგო ლოპესს, რომლებიც ცენტრალურ ფორვარდ უგო დუროს დაეხმარებიან.
ეს იქნება მამარდაშვილისა და „ატლეტიკოს” ცნობილი ფორვარდის ალვარო მორატას მეორე შეხვედრა 8 დღეში. შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები გუნდების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში მორატამ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/09/2026 | 07:26შერეული შთაბეჭდილება დატოვაო…
სიახლეები15/09/2026 | 08:42მიქაუტაძისთვის სახეირო არაფერი იყო
მთავარი ამბავი15/09/2026 | 07:18მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
