დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „მესტალიაზე” ინგლისურ „ასტონ ვილას” შეხვდება. ეს გახლავთ „ტროფეო ნარანხა” ანუ ფორთოხლის თასი, ამხანაგური მატჩი, რომელსაც „მესტალიაზე” 1959 წლიდან ათამაშებენ. ამ შეხვედრისთვის „ღამურებს” ერთადერთი ახალი ფეხბურთელი ჰყავთ, 24 წლის ნახევარმცველი პეპელუ, რომლის ნამდვილი სახელია ხოსე ლუის გარსია ვაია. ის „ლევანტეს” ეკუთვნოდა, რომელსაც ბოლოს პორტუგალიურ „ვიტორია გიმარაეშში” ჰყავდა იჯარის წესით გაშვებული.
დღევანდელი შეხვედრა „ვალენსიასთვის” ბოლო სპარინგია — ერთ კვირაში მამარდას გუნდი სტუმრად თამაშობს „სევილიაში”. ეს უკვე ლა ლიგის ახალი ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი იქნება. AS-ს ინფორმაციით მწვრთნელი რუბენ ბარახა ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ კლუბის სინგაპურელი მეპატრონეები ახალ მოთამაშეებს უყიდიან.
ბარახას გარდა ახალი ფეხბურთელებით გაძლიერების იმედი აქვს კაპიტან ხოსე ლუის გაიას, რომელმაც ამის შესახებ ბოლოხანს ორჯერ ილაპარაკა — გასულ ხუთშაბათს AS-თვის მიცემულ ინტერვიუში და ვირხენ დე ლოს დესამპარადოსის ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც „ჩეებმა” ღვთისმშობელს ყვავილები მიართვეს. ეს ის საყდარია, სადაც ორიოდ თვის წინ ვალენსიელი მორწმუნეები ლოცულობდნენ მათი გუნდი სეგუნდა დივიზიონში რომ არ გავარდნილიყო.
დღეს „ვალენსია” უნაი ემერის „ასტონ ვილას” შესუსტებული შემადგენლობით ხვდება, რადგან გუნდმა თავდამსხმელები ჯასტინ კლუივერტი და სამუელ ლინო გაყიდა. „ბოკა ხუნიორსში” გადავიდა ურუგვაელი ვეტერანი ედინსონ კავანიც. წავიდნენ ნიკო, ილიაშ მორიბა, ამერიკელი იუნუს მუსა და რამდენიმე მეორეხარისხოვანი მოთამაშე, მათ ნაცვლად კი მოვიდა მხოლოდ ერთი კაცი — ზემოთ ხსენებული პეპელუ. ერთადერთი ამას შეიძლება თურქი ჩენკ ოზქაჩარის „ლიონისგან” გამოსყიდვა დავამატოთ, მაგრამ ჩენკი „ღამურებისთვის” ახალი ფეხბურთელი არ არის.
შავ დღეში ჩავარდნილი ბარახა ცდილობს მის ხელთ არსებულ რესურსებს მაქსიმუმი გამოაწურინოს. მას სურს ახალგაზრდებისგან ხავი გერასგან, დიეგო ლოპესისგან და ალბერტო მარისგან უმოკლეს დროში წამყვანი ფეხბურთელები გამოთალოს.
AS ხაზს უსვამს, რომ გასულ სეზონში „ვალენსიამ” 42 გოლი გაიტანა, რომელთაგან ოცდახუთის ავტორი გუნდში აღარ არის. დარჩენილი „ჩეებიდან” რამდენიმეს თავად უჭირავს გაქცევაზე თვალი. ასეთია, მაგალითად სამუ კასტილეხო.
სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე დარჩა 26 დღე, ჩემპიონატის დაწყებამდე კი — 6.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
