ვესტ ჰემის ტრიუმფი — ინგლისი რვა გუნდით

Home კატეგორიის გარეშე ვესტ ჰემის ტრიუმფი — ინგლისი რვა გუნდით
ვესტ ჰემის ტრიუმფი — ინგლისი რვა გუნდით

Jarrod Bowen of West Ham United scores a goal to make it 1-2 during the UEFA Europa Conference League 2022/23 final match between ACF Fiorentina and...პრაღის „ფორტუნა არენაზე”, კონფერენციის ლიგის ფინალში, „ვესტ ჰემმა” „ფიორენტინას” 2:1 მოუგო. სერია A-ს მიმდინარე სეზონში სამივე ევროთასის ფინალში ჰყავდა წარმომადგენელი, მაგრამ ორი ჯილდო უკვე დაკარგა: ევროლიგის ფინალში „რომა” პენალტებით დამარცხდა „სევილიასთან”, ხოლო ფლორენციელებმა 90-ე წუთზე გაუშვეს საბედისწერო გოლი. ლონდონელთა გამარჯვების დარტყმა ჯეროდ ბოუენმა შეასრულა.

ამ შეხვედრაში, VAR-ს მიერ დანიშნული პენალტით ანგარიში მოჰამედ საიდ ბენრამამ 62-ე წუთზე გახსნა, რასაც ხუთ წუთში ჯაკომო ბონავენტურამ უპასუხა, მაგრამ საბოლოოდ ბედმა „ჩაქუჩებს” გაუღიმა და თასიც მათ ერგოთ.

ამრიგად, იტალიურ კლუბთაგან ევროპულ სარბიელზე გამარჯვების შანსი „ინტერსღა” დარჩა, რომელიც 10 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება.

თუკი იტალიელებს რაიმეთი შეუძლიათ გული დაიმშვიდონ, ის გახლავთ, რომ ჯილდო მათი ნაკრების წევრ ემერსონსაც ხვდა. ის „ვესტ ჰემის” ფეხბურთელია და ფორტუნა ისე წყალობს, რომ კარიერაში სამივე ევროთასის მფლობელი გახდა: ჩემპიონთა ლიგა 2021 წელს და ევროლიგა 2019 წელს „ჩელსისთან” ერთად მოიპოვა, ხოლო გუშინ თავის დიდ ტიტულებს კონფერენციის თასიც დაამატა.

„ვესტ ჰემის” გამარჯვებამ ინგლისურ პრემიერლიგას საშუალება მისცა მომდევნო სეზონში ევროპულ ასპარეზზე რვა გუნდით გავიდეს: ჩემპიონთა ლიგაზე („მანჩესტერ სიტი”, „არსენალი”, „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ნიუკასლ იუნაიტედი”), ევროლიგაზე („ლივერპული”, „ბრაიტონი” და „ვესტ ჰემი”) და კონფერენც ლიგაზე („ასტონ ვილა”).

„ფიორენტინასთვის” კი წუხანდელი მარცხი ორმაგად მწარე გამოდგა: თასი ხომ ვერ მოიპოვა და მომდევნო სეზონში ევროთასზეც ვერ ითამაშებს. „იებმა” სერია A-ში მე-8 ადგილი დაიკავეს.

„ჩვენ ამ სეზონში ორი ფინალი წავაგეთ (იტალიის თასისა და კონფერენციის ლიგის) რაც ძალიან სამწუხაროა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღევანდელი დღე ასე დამთავრდებოდა. კარგად ვითამაშეთ; გვქონდა საგოლე მომენტები; გაგვიტანეს პენალტი, რომელსაც შეეძლო მოვეკალით, მაგრამ მალევე გავათანაბრეთ; გვქონდა მანდრაგორას ეპიზოდი და შემდეგ ის გოლი, რომლის დროსაც რამდენიმე მეტრით წინ უნდა ვმდგარიყავით.  სამწუხაროდ, თამაშის დამატებით დროში გადაყვანა ვერ მოვახერხეთ, არადა იქუკვე უპირატესობის მოპოვება შეგვეძლო. ვწუხვარ. ვფიქრობ იმედგაცრუებულ ბიჭებზე, რომლებმაც ორი ფინალი წააგეს.

შეხვედრას თავიდან რომ ვიწყებდეთ, იმავე შემადგენლობას გამოვიყვანდი. მეტოქემ ჩვენს კართან ძალიან ცოტა საგოლე მომენტი შექმნა. ეს იყო ნამდვილი ფინალი. ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც უნდა გვეთამაშა ფინალში. სამწუხაროდ საეჭვო პენალტისა და იმ გოლის გამო წავაგეთ, რომლის თავიდან აცილება იოლად შეიძლებოდა”, — თქვა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ფიორენტინას” თავკაცმა ვინჩენცო იტალიანომ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.