ნაპოლის კიდევ ერთი საფიქრალი

Home აქეთურ-იქითური ნაპოლის კიდევ ერთი საფიქრალი
ნაპოლის კიდევ ერთი საფიქრალი

Pierluigi Gollini and Alex Meret of SSC Napoli at the end of the Serie A TIM match between SSC Napoli and Atalanta BC at Stadio Diego Armando...„ნაპოლის” მომავალი სეზონისთვის ცნობილ საკითხთა გარდა მეკარეების ამბავიც ექნება მოსაგვარებელი. მის განკარგულებაში ორი კარგი გოლკიპერია, ალექს მერეტი და პიერ ლუიჯი გოლინი. როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა კლუბთან?

საჩემპიონო სეზონის დასრულების შემდეგ ორივემ თქვა, რომ ბედნიერია, რადგან სკუდეტო მოიგეს და „აძურის” რიგებში საუცხოო გამოცდილება შეიძინეს. ნეაპოლში მოპოვებული ჩემპიონობა თავისი უნიკალურობით შესაძლოა მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში მოპოვებულ ტიტულს სჯობდეს, რადგან ადგილობრივთა განსაკუთრებულ ემოციებთან და ქცევასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მერეტს და გოლინის თავიანთი ცხოვრება აქვთ და ორივე ერთად გუნდისთვის შესაძლოა მეტისმეტი იყოს.

ფრიულიელი მერეტი (ფრიული რეგიონია იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც ენაც კი განსხვავებული აქვთ, თუმც ის რომანულ ჯგუფს ეკუთვნის; ფრიულიში სამი ადმინისტრაციული ცენტრია უდინე, პორდენონე და გორიცია. მერეტის მშობლიური ქალაქი უდინეა) როგორც ჩემპიონი გუნდის მთავარი მეკარე ცხადია დარჩენას და კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

ბოლონიელი გოლინი, რომელიც ნეაპოლში „ატალანტადან” იანვარში, „ფიორენტინაში” წასული სალვატორე სირიგუს ნაცვლად მივიდა, ერთი შეხედვით ასევე კმაყოფილია „აძურიში” ყოფნით, მაგრამ „მარადონაზე” დარჩენა მთლად მასზე არ არის დამოკიდებული. გოლინის „ატალანტასგან” გამოსყიდვა „ნაპოლის” 8 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც კლუბს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

areanapoli-ს აზრით, „პარტენოპეელთათავის” საუკეთესო ვარიანტი რასაკვირველია ორივე მეკარის შენარჩუნება იქნება, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: დათანხმდება კი რომელიმე მათგანი სათადარიგოთა სკამზე ჯდომას?

ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ახალ მწვრთნელზე. რაც შეეხება ნეაპოლელთა კლუბის მთავარ ფიგურას, აურელიო დე ლაურენტისს, ის ორივეს პატივს სცემს, მაგრამ უპირატესობას ალბათ მაინც მერეტს ანიჭებს, რომელიც უკვე რამდენიმე წელიწადია „ნაპოლიში” თამაშობს. პრეზიდენტი მერეტს მაშინაც უჭერდა მხარს, როდესაც მას არ ენდობოდნენ და მის გაშვებაზე აქტიურად ლაპარაკობდნენ.