ძალიან მაგარი შეგძნებაა, როდესაც ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ იცი, რომ ჩემპიონი აუცილებლად ქართველი გახდება…
ასე მოხდა დოჰაში, სადაც დღეს საჭიდაოდ 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავიდნენ და ფინალი ქართული გამოდგა –ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე.
საინტერსო და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში, მაისურაძემ ლამაზი ილეთით მოიგო.
ოქროსკენ მიმავალ გზაზე მაისურაძემ უნგრელი როლანდ გოზი, თურქეთის წარმომადგენელი მიჰაელ ზგანკი, ნიდერლანდელი ნოელ ვანტ ენდი და იტალიელი კრისტიან პარლატი დაამარცხა. თავის მხრივ ბექაურმა ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონს, სერბ ნემანია მაიდოვს, „თავისუფალი ათლეტების“ სახელით მოასპარეზე რუს მანსურ ლორსანოვს და იაპონელ სანშირო მურაოს მოუგო.
ეს საქართველოს დელეგაციის მეორე ოქროს მედალია. პირველი ტატო გრიგალაშვილმა (81) აიღო. ბექაურის ვერცხლთან ერთად ბრინჯაოც გვაქვს ყულაბაში, რომელიც გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) მოგვიტანა.

