„იუვენტუსის” სტადიონზე სამხრეთის ტრიბუნა, სადაც ულტრასები იკრიბებიან, 23 აპრილს ცარიელი იქნება — ასეთი განაჩენი გამოუტანა იტალიის ფეხბურთის ფედერაცის სადამსჯელო ორგანომ ტურინელ ქომაგებს რომელუ ლუკაკუს გინებისთვის.
23 აპრილს „ბებერი ქალბატონი” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს.
რაც შეეხება ლუკაკუს ინციდენტს, ის „იუვენტუსისა” და „ინტერის” შეხვედრის დროს მოხდა. ეს იყო იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩი, რომელიც 1:1 დასრულდა. ბელგიელმა თავდამსხმელმა ანგარიში 90+5 წუთზე პენალტით გაათანაბრა და გოლი ასე იზეიმა: ერთი ხელით მავანთ გაჩუმებისკენ მოუწოდა, მეორეთი კი სამხედრო სალამი გამოხატა. ეს ტურინელმა ქომაგებმა შეურაცხყოფად მიიღეს და ატყდა ღრიანცელი. მოედანზე ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მსაჯმა ლუკაკუს ყვითელი ბარათი ამოუღო, რაც მისთვის ამ შეხვედრაში მეორე აღმოჩნდა და თავდამსხმელს მოედნის დატოვება მოუხდა.
ლუკაკუს დისკვალიფიკაცია მხოლოდ ერთი მატჩით მიუსაჯეს. საქმე ის გახლავთ, რომ თავდამსხმელმა ზუსტად იგივე ჟესტი გააკეთა ბელგიის ნაკრებში თამაშის დროსაც და როგორც გაირკვა ის მეტოქე გუნდის გულშემატკივრებისკენ კი არა, მისი კრიტიკოსებისკენ იყო მიმართული. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ „იუვენტუსისა” და „ინტერის” მთელი შეხვედრის განმავლობაში ტურინელი ულტრასები ლუკაკუს რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ზემოთ ხსენებულ ნახევარფინალში მოედნიდან გააძევეს „ბებერი ქალბატონის” ფლანგელი, კოლუმბიელი ხუან კუადრადოც. სპორტულმა სასამართლომ მას სამთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. კუადრადოს 10 000 ევროს გადახდაც მოუწევს.
სამი თამაშით და იმავე თანხით დასაჯეს აგრეთვე „ინტერის” სლოვენიელი მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი, რომელიც მატჩის დამთავრების შემდეგ კუადრადოს მუშტი კრივით ეჩხუბა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
