ბოლო ერთი კვირაა წერენ, რომ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში” გოლის გატანა მხოლოდ თავდამსხმელების ამოცანა არ არის, ეს ყველას ევალება. ამის შესახებ „ღამურების” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ბარსელონაში „ესპანიოლთან” ნათამაშები 2:2-ის შემდეგ თქვა და პრესამ თემა აიტაცა.
AS წერს, რომ ეს გატუზოს გუნდების თვისებაა. ჩახედეს დავთრებს: 7 ტურში, 12 გოლიდან 11 სხვადასხვა ფეხბურთელს გაუტანია. ერთადერთი, ვინც ორი შეაგდო, არის სამუ კასტილეხო. ხსენებულ 11 ფეხბურთელს შორის გახლავთ კარლოს სოლერიც, რომელიც „პარი სენ ჟერმენში” გადავიდა და „ვალენსიას” სახელით მეტის გატანას ვეღარ შეძლებს.
საინტერესოა გასულ სეზონთან შედარება, როდესაც „ჩეებს” ხოსე ბორდალასი ედგათ სათავეში: 7 ტურის შემდეგ გუნდს წლევანდელივით 12 გოლი ჰქონდა გატანილი, მაგრამ მათ 7 ავტორი ჰყავდა. მაშინ „ვალენსია” 11 ქულით მე-7 ადგილზე იყო, ახლა კი 10 ქულით მეცხრეზეა.
2020-21 წლების სეზონში, როდესაც პანდემიის გამო ტრიბუნაზე არავინ იჯდა, მწვრთნელად კი ხავი გარსია მუშაობდა, 6 ფეხბურთელს 9 გოლი ჰქონდა გატანილი. ბომბარდირებს სამი გოლით მაქსი გომესი ლიდერობდა.
2019-20 წლებში ვალენსიელებს 7 ტურში 10 გოლი ჰქონდათ გატანილი, მათგან, მაქსი გომესსა და დანი პარეხოს სამ-სამი. ამ ორის გარდა თავი კიდევ სამ მოთამაშეს გამოეჩინა. იმ სეზონში „ვალენსიას” სათავეში მარსელინო ედგა, მაგრამ ის მალევე შეცვალეს და გუნდი ალბერტ სელადესს გადააბარეს.
2018-19 წლების სეზონი მარსელინოსთვის „ღამურების” თავკაცის რანგში მეორე გახლდათ. ის სეზონი რაღაცით ჰგავდა მიმდინარეს: 7 ტურში 5 გოლი ხუთმა ფეხბურთელმა გაიტანა.
მეორე მხრივ, „ვალენსიამ” ახლახან შეიძინა კაცი, ვინც წესით ყველაზე მეტი უნდა გაიტანოს. ეს გახლავთ ედინსონ კავანი, რომელმაც ჯერჯერობით მოედანზე 145 წუთი დაჰყო და ერთი გოლიც ვერ შეაგდო.
გატუზოს პრინციპი, რომლის გამოც გოლები მისი გუნდის ბევრ მოთამაშეს გააქვს, ასეთია: მეტოქის საჯარიმოში შერბის ბევრი ფეხბურთელი. რაც შეეხება გარემარბებს, მარჯვნივ ცაცია დგას, ხოლო მარცხნივ მემარჯვენე, ანუ თეორიულად მათ შეუძლიათ კარში მოხერხებულად დაარტყან.
ზემოთ ნახსენები 12 გოლიდან „ვალენსიამ” 9 შინ, „მესტალიაზე” გაიტანა.
და ბოლოს, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთაგან (მეკარეებზე არ არის ლაპარაკი) თურქი ცენტრალური მცველის ჩენქ ოზქაჩარის გარდა, ცხრამეტივემ ითამაშა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
