გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ბილბაოში, „სან მამესზე” 0:1 წააგო. სტუმრებს შეხვედრის ბოლო წამს ანგარიშის გათანაბრების დიდებული შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ ბედმა ბასკებს გაუღიმა — საჯარიმოში ეფექტური შესვლის შემდეგ მარკოს ანდრეს დარტყმული ძელს გაეხახუნა და მოედნის გარეთ გავიდა. მატჩის შედეგი ერთმა სანტიმეტრმა გადაწყვიტა.
ქართველ გულშემატკივარს, რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა გვაინტერესებს, თუ როგორ ითამაშა მამარდაშვილმა. უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში მას მეტი დატვირთვა ჰქონდა ვიდრე მეორეში და თავიდან, რამდენიმე ეპიზოდში, საქმეს ჩინებულადაც გაართვა თავი, მაგრამ მერე მოხდა ის, რაც plazadeportiva-მ ასე აღწერა: თამაში, კარიდან კარისკენ დიდი სისწრაფით მიმდინარეობდა, მაგრამ შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ბალანსი დაირღვა. გოლი გაიტანა ბერენგერმა, რომელმაც ბურთის დაცვიდან გამოტანის დროს კარლოს სოლერის მიერ დაშვებული „მონუმენტური შეცდომის” (ქართულად ლამაზად არ ჟღერს, მაგრამ პირდაპირ ვთარგმნით) შემდეგ ვესგასგან პასი მიიღო და მამარდაშვილისგან მარჯვენა კუთხეში ძალიან ძლიერად დაარტყა. მეკარე ბურთს შეეხო, თუმცა მოგერიება ვეღარ შეძლო.
მატჩის შემდგომ „ღამურების” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ თქვა: „სან მამესზე” თამაში ადვილი არ არის. მინდა ბილბაოელ გულშემატკივარს გამარჯვება მივულოცო. ამ სტადიონზე პირველად ვიყავი. აქ სტუმრობის შესაძლებლობა ფეხბურთელობის დროსაც არ მომცემია. „სან მამესი” არის სტადიონი, სადაც ატმოსფერო ძალიან მძაფრად იგრძნობა.
წაგების მიუხედავად, მომეწონა როგორ ითამაშა ჩემმა გუნდმა. ეს გახლდათ შეხვედრა, რომლისთვისაც კარგად მოვემზადეთ. ვიცოდით, რომ მეტოქეს უსწრაფესი ფეხბურთელები ჰყავდა, რომლებიც კონტრშეტევაზე კარგად თამაშობენ. სწორედ ამიტომ დროდადრო სირთულეებს ვაწყდებოდით. მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენი თამაშით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
