მანჩესტერ იუნაიტედმა მესამე იყიდა

Home კატეგორიის გარეშე მანჩესტერ იუნაიტედმა მესამე იყიდა
მანჩესტერ იუნაიტედმა მესამე იყიდა

Lisandro Martinez | Argentine Defender Skills - YouTube„მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი თავის ყოფილ გუნდს „აიაქსს” მიადგა. ინგლისურმა კლუბმა დაადასტურა, რომ ამსტერდამელთა არგენტინელი მცველის ლისანდრო მარტინესის სანაცვლოდ 55 მილიონ გირვანქას იხდის.

მარტინესის ყიდვა „არსენალსაც” უნდოდა, მაგრამ „იუნაიტედი” საქმის გაჩარხვაში უფრო ყოჩაღი გამოდგა.

ცენტრალური მცველი 24 წლისაა. მან ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით „აიაქსში” სამი წელიწადი ითამაშა.

„არსენალმა” ვაჭრობა 34 მილიონი გირვანქიდან დაიწყო, მანჩესტერელები კი 40 მილიონიანი შეთავაზებით ჩაერთნენ საქმეში. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ „იუნაიტედი” ჰოლანდიის ჩემპიონს ერთბაშად 46.8 მილიონს უხდის, დამატებითი გადასახადების შედეგად კი არგენტინელის საბოლოო ფასი 55 მილიონამდე გაიზრდება.

ახლა მცველს სამედიცინო შემოწმება დარჩა გასავლელი. აგრეთვე მოსაგვარებელია პირადი საკითხები, რომელთა შორის არის დიდი ბრიტანეთის სამუშაო ვიზის მიღებაც. რამდენადაც ცნობილია, ახალ კლუბში ლისანდრო მარტინესის ყოველკვირეული ხელფასი იქნება 120 000 გირვანქა.

მარტინესი ბურთს კარგად ფლობს. სიმაღლეში ის 175 სანტიმეტრია და ამთავითვე გასაგებია, რომ მომდევნო სეზონში, პრემიერლიგაში ყველაზე დაბალი ცენტრალური მცველი იქნება. სიდაბლის მიუხედავად გასულ სეზონში მან 79 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ოთხით მეტი, ვიდრე მისმა ზორბა კოლეგამ და ახალმა თანაგუნდელმა ჰარი მაგუაირმა. მაგუაირის სიმაღლე 194 სანტიმეტრია.

მიმდინარე ზაფხულში ლისანდრო მარტინესი „მანჩესტერ იუნაიტედის” მესამე შენაძენია. მანამდე კლუბში მივიდნენ 22 წლის ჰოლანდიელი მარცხენა მცველი ტირელ მალასია და ცნობილი დანიელი კრისტიან ერიკსენი.

ერიკ ტენ ჰაგი „ბარსელონადან” ფრენკი დე იონგის გადაბირებასაც აპირებს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.