მიმდინარე სეზონში „ვალენსიას” მსაჯებთან სულ პრობლემები აქვს. მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ბევრჯერ დაუჩივლია მსაჯთა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია VAR-ის ტენდენციურობის გამო. „ღამურებსა” და მათ გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ ტელე-არბიტრებმა ბევრი ქულა დააკარგვინეს.
ერთ-ერთი მსაჯი, ვისთანაც „ვალენსიას” პრეტენზია აქვს, გახლავთ ხავიერ იგლესიას ვილიანუევა, რომელიც დღეს საღამოს ბარსელონაში „ესპანიოლისა” „ჩეების” შეხვედრას მონიტორიდან გაუძღვება. მოედანზე მთავარი არბიტრი იქნება ალეხანდრო მუნისი.
თავდაპირველად VAR-ის არბიტრად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ხოსე ლუის გონსალეს გონსალესი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ გუშინ, პარასკევს, შუადღისას გამოაცხადეს, რომ გოსალეს გონსალესი პირადი მიზეზების გამო ბარსელონაში ვერ ჩავა და მის ნაცვლად მონიტორს იგლესიას ვილიანუევა მიუჯდება.
იგლესიას ვილიანუევა ის მსაჯია, რომელიც VAR-ს აკონტროლებდა ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, „ხეტაფესთან”, რომლის მე-3 წუთზე „ღამურებს” უგო გილიამონი გაუძევეს მოედნიდან. საბოლოოდ, მაინც გიორგი მამარდაშვილის გუნდმა მოიგო 1:0.
იგივე მსაჯი იჯდა მონიტორთან „სან მამესზე”, „სამეფო თასის” ნახევარფინალში. იმ შეხვედრაში კარლოს სოლერის წინააღმდეგ უხეშობისათვის მოედნიდან არ გააძევეს დანი გარსია და მოგვიანებით ვივიანის მიერ უგო დუროს საჯარიმოში წაქცევა დატოვეს უყურადღებოდ და პენალტის გარეშე.
მე-5 ტურში, როდესაც „ვალენსიამ” შინ წააგო „რეალთან” 1:2, VAR-ს კაზემიროს უხეშობა გამოეპარა, ორიოდ კვირის წინ კი იგლესიას ვილიანუევამ კვლავ „სან მამესზე” დახუჭა თვალი იმ ეპიზოდში, როდესაც დანი გარსიამ ილიაშს ფეხი ამოჰკრა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
სიახლეები25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
