სინამდვილეში ასე იყო

Home კატეგორიის გარეშე სინამდვილეში ასე იყო
სინამდვილეში ასე იყო

ოლგა როგოვა იყო ასეთი საბჭოთა მშვილდოსანი. ძალიან ძლიერი. ტაშკენტიდან. მის შესახებ რუსულ წყაროებში ასე წერია:

„1976 წელს დაამყარა ევროპის რეკორდი, 1977 წელს კი გათხოვდა და გააჩინა ვაჟი.

— როდესაც ოლიმპიადისათვის მომზადება დამაწყებინეს, ქმარი განიცდიდა, რადგან შვილის ყოლას მიკრძავალდნენ. ჩვენ კი ძალიან გვინდოდა ბავშვი გვყოლოდა. მშობლებიც შვილიშვილებს გვთხოვდნენ. არადა, მწვრთნელებს ეშინოდათ, რომ ფორმას დავკარგავდი და ნაკრებში მაღალ შედეგებს ვეღარ მივაღწევდი — იგონებდა როგოვა.

მაგრამ ოსტატობას რას უზამ. როდესაც ახალშობილი ხუთი თვისა გახდა, როგოვა სარბიელს დაუბრუნდა და კლაიპედაში გაიმარჯვა, 1981 წელს კი კვლავ ევროპის ჩემპიონი შეიქნა და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატიც რეკორდით მოიგო…“

ასე გამოტოვეს როგოვაზე სტატიის ავტორებმა 1980 წელი, მოსკოვის ოლიმპიადა და ოლიმპიური ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე, რომელიც საერთოდ არ ჰყავთ ნახსენები.

სინამდვილეში კი აი, რა მოხდა: საოლიმპიადედ ორ ადგილზე ოთხი კანდიდატი იყო: ბუტუზოვა, როგოვა, რუსტამოვა და ლოსაბერიძე. საბოლოოდ დარჩნენ ბუტუზოვა და ლოსაბერიძე, მაგრამ როგორც კი გამოცხადდა, რომ ოლიმპიადაზე წამსვლელების ვინაობა გარკვეულია, როგოვამ პოლონეთში საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა, 30 მეტრიან დისტანციაზე რეკორდიც დაამყარა და უზბეკეთის მესვეურებმა მოსკოვში საქმე ჩააწყვეს —ნოვოგორსკში ლოსაბერიძესა და მათ სპორტსმენს შორის ხელახალი შეჯიბრება დაანიშნინეს.

„დაიწყო შეჯიბრება და ისარს ისარში ვარჭობ…“ — იგონებდა წლების შემდეგ ქალბატონი ქეთევანი.

ქართველ სპორტსმენზე ხელახალმა შემოწმებამ და მის უიპრატესობაში ეჭვის შეტანამ ისე იმოქმედა, რომ გაბრაზებულმა ფენომენალური შედეგი აჩვენა. იმდენად ფენომენალური, რომ ბრძოლის მესამე დღეს როგოვამ უცებ მშვილდ-ისარი დაუშვა და უთხრა: მორჩა, შევწყვიტოთ, ჩემზე ძლიერი ხარ და ოლიმპიადაზეც შენ უნდა წახვიდე. ეს შეჯიბრება სულ არ მინდოდა, გამოსვლა მაიძულეს.

ლოსაბერიძე კი ისეთ ეშხში იყო შესული, რომ კონკურენტს სთხოვა. გეხვეწები, ბოლომდე შემებრძოლე, მაინტერესებს რამდენ ქულას დავაგროვებო. და 2569 ქულა დააგროვა.

ქეთევან ლოსაბერიძემ ამდენ ქულას ოლიმპიადაზეც კი ვერ მოუყარა თავი. მაგრამ რასაც მოუყარა, ოქროს მედლისთვის საკმარისი გამოდგა. ის კი არა, ვაჟთა შორის ფინელ ჩემპიონ ტომი ჰოიკოლაინენსაც კი გადაასწრო.

ქეთევან ლოსაბერიძე გახლდათ მშვილდოსნობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, ხოლო კაცისთვის საბჭოელთაგან მის მერეც არავის უჯობნია.

და კიდევ ერთი, ქეთევან ლოსაბერიძეს სახლში მართლა აქვს ისარში ისარი გარჭობილი. შორიდან რომ შეხედავთ, რაღაც უცნაური გრძელი წნელი გეგონებათ.

ქართულმა სპორტმა კიდევ ერთი დიდი ვარსკვლავი დაკარგა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.