გაგიჟდნენ!

Home დავთარი გაგიჟდნენ!
გაგიჟდნენ!

No description available.უკეთესად ვერც დაახასიათებ მორაგბე ქართველ ლეგიონერთა ბოლოდროინდელ თამაშს. ჯერ იყო და, კოტე მიქაუტაძემ საფრანგეთის პრო დ2-ში ლელო გაიტანა და თავის „ბაიონს“ ბონუსით მოაგებინა, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონთა თასის და ჩელენჯ კაპის (რანგით მეორე სარაგბო საკლუბო ევროტურნირი) ჯერი დადგა და აი, იქ კი მოხდა რაც მოხდა!

ისე გამოვიდა, რომ „ბრივმა“ ჩელენჯ კაპის (გამოწვევის თასის) მესამე ტურში სადებიუტო მატჩი ჩაატარა – წინა ორი კოვიდმა გადადო. ჰოდა, ტოპ 14-ის ყველაზე ქართულმა კლუბმა გაილაღა და ამ გაბრწყინებაში მთავარი როლები ბორჯღალოსნებმა შეასრულეს. „პოსთან“ შეხვედრაში ბრიველთა სასტარტოში ლუკა ჯაფარიძე და თედო აბჟანდაძე იყვნენ. 21-ე წუთზე მასპინძელთა პირველი ლელოც სწორედ ქართველმა ბურჯმა დადო – რაქიდან ატაცებული ბურთით ხაზი გაარღვია, კაი 10 მეტრიც ირბინა და ბურთიც დაუბრკოლებლად დაამიწა. ტაიმის ბოლოს კი ქართველმა პლეიმეიკერმა ფეხით ბურთი შორეულ ფლანგზე, ისე ვირტუოზულად გადაკიდა, რომ მის გარემარბ თანაგუნდელს ლელოში შერბენის მეტი აღარაფერი დარჩენოდა.

ლუკამ 53-ე წუთამდე ითამაშა, თედომ – 68-მდე, თუმცა ბოლო წუთზე თამაშში დაბრუნებამ მოუწია. მათ გარდა 41-ე წუთზე თამაშში ვანო კარკაძე ჩაერთო, ხოლო 65-ზე ოთარ გიორგაძე. შეხვედრა კი „ბრივმა“ 33:25 მოიგო.

No description available.შემდეგ იყო „ბიარიცისა“ და „ნიუკასლის“ ომი იყო, რომელიც ინგლისელებმა გაწითლებულ დროში გატანილი ლელო-გარდასახვით 17:13 მოიგეს, მანამდე კი, 63-ე წუთზე ბასკთა ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ გუნდის ხელდახელ შეტევა მარცხენა ფლანგზე გაქცევით და ბურთის დადებით დააგვირგვინა! თორნიკე 71-ე წუთზე შეცვალეს, მის გარდა „ბიარიცის“ სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ნუცუბიძეც იყო, რომელიც 50-ე წუთზე ლუკა აზარიაშვილმა შეცვალა და ამ უკანასკნელთან ერთად თამაშში უჩა ჭეიშვილიც ჩაერთო.

მერე „ტულონისა“ და ბექა გიგაშვილის ჯერი დადგა. ფრანგებმა ინგლისში სტუმრობა გამარჯვებით დაასრულეს – „ვუსტერ უორიორზს“ 34:23 მოუგეს, მათი ბორჯღალოსანი ბურჯი კი 45-ე წუთზე შევიდა სათამაშო მოედანზე, 15 წუთში ჩინებული ლელო გაიტანა, რომელიც რიგით მეოთხე გამოდგა მისი გუნდისთვის!

დაბოლოს, ქართველთა წარმატებულ ტურს უბრწყინვალესი წერტილი ყველაზე ახალგაზრდა ლეგიონერმა და ბორჯღალოსანმა დავით ნინიაშვილმა დაუსვა. „ლიონის“ უკანახაზელმა 50-ე წუთზე კლუბის კვართით პირველი და თან ფანტასტიკური საევროთასო ლელო ხომ მიითვალა – გუნდის ხელდახელ შეტევა ხაზის გაჭრითა და ძალისმიერ ბრძოლაში ბუთის ჩათვლის მოედნის ხაზზე დადებით დააგვირგვინა, მაგრამ ამასთან ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე აქტიური იყო, დანარჩენი 4 ლელოს გასვლაში უშუალო მონაწილეობა მიიღო, მათ შორის ერთი მისი გადაცემით გავიდა, საბოლოოდ კი დაითვალეს, რომ მან ბურთი ჯამში 120 (!) მეტრზე წაიღო წინ, რაც აბსოლუტურად ფანტასტიკური მაჩვენებელია!

No description available.ლიონელთა მეტოქე ქართველების გარეშე მოთამაშე „პერპინიანი“ იყო და მატჩის საბოლოო ანგარიში სრულიად მიუღებელი იქნებოდა კატალონიელთათვის – 6:37.

ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა, ჩელენჯ კაპზე მოხდა, ჩემპიონთა თასზე კი მხოლოდ სამმა ჩვენებურმა ითამაშა და თუ გურამ პაპიძე თავის „ლა როშელს“ ინგლისური „ბათის“ 39:21 ძლევაში 24-წუთიანი წვლილით შეეწია, მიხეილ ნარიაშვილსა და გელა აფრასიძეს თავისი მატჩი გველის ნაკბენივით კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ. ქართველების „მონპელიე“ ირლანდიაში „ლენსტერს“ ესტუმრა და… 7:89 დამარცხდა. არც გელას, არც მიშას და არც საკუთრივ „მონპელიეს“ ასეთი ანგარიშით არასდროს წაეგოთ, ხოლო „ლენსტერმა“ კი, პირიქით, თავის ისტორიაში ყველაზე მსხვილი გამარჯვება იზეიმა… ორივე ბორჯღალოსანი სასტარტო 15-ეულში იყო, მიშა 46-ე წუთზე შეცვალეს, გელამ კი ბოლომდე იწვალა…

თუმცა, ამ ერთმა თუნდაც ასეთმა განადგურებამ ვერანაირად ვერ დაჩრდილა დანარჩენი ქართველების მართლაც საოცარი თამაში ევროთასების მორიგ ტურში. ეს მართლაც ზღაპრული უიქ-ენდი იყო.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.