უბერებელი ლუკა მოდრიჩი

Home კატეგორიის გარეშე უბერებელი ლუკა მოდრიჩი
უბერებელი ლუკა მოდრიჩი

ესპანეთის სუპერთასის ფინალში მთავარი გმირი უბერებელი ლუკა მოდრიჩი იყო. საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში „რეალმა“ „ბილბაოს“ 2:0 მოუგო. პირველი გოლი სწორედ ხორვატმა გაიტანა. 36 წლის ნახევარმცველმა 38-ე წუთზე ლამაზი დარტყმით დააწინაურა კარლო ანჩელოტის გუნდი.

კომბინაცია, რომელიც მოდრიჩის გოლით დასრულდა, ტიბო კურტუასგან დაიწყო და მასში მონაწილეობდნენ კაზემირო, ტონი კროოსი, თავად მოდრიჩი და როდრიგო.

ამ ეპიზოდის გარდა „რეალის“ არაერთი ფინალის ერთ-ერთი მთავარი გმირი მთელი შეხვედრის განმავლობაში გამოირჩეოდა. ის აწვდიდა პასებს, ამწვავებდა შეტევებს, აქტიურობდა დაცვაში, შლიდა მეტოქის შეტევებს და ასე შემდეგ.

მეორე გოლი საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმით ქარიმ ბენზემამ 52-ე წუთზე გაიტანა.

87-ე წუთზე მსაჯმა პენალტი „რეალის“ კარშიც დანიშნა და მოედნიდან ედერ მილიტაო გააძევა. მიზეზი: ბრაზილიელმა რაულ გარსიას დარტყმულ ბურთს თითქოსდა ხელით გადაუღობა კარისკენ მიმავალი გზა. არბიტრის გადაწყვეტილება ბევრის აზრით საკამათო იყო.

გარსიამ პენალტი ვერ გაიტანა — ტიბო კურტუამ აუღო.

მატჩის შემდეგ მადრიდელთა თავკაცმა ანჩელოტიმ თქვა: „ჩვენ ბილბაოელთა ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და სამართლიანად გავიმარჯვეთ. მთელს შეხვედრას ვაკონტროლებდით. მიხარია ასეთ ტალღაზე რომ ვართ. ახლა ასევე უნდა გავაგრძელოთ. ბევრი ფიქრის დრო არ გვაქვს, შეჯიბრება შეჯიბრებას ცვლის. საბედნიეროდ, ისე ჩანს, რომ ჩვენს გუნდს ყველა ტიტულისთვის შეუძლია ბრძოლა“.

„რეალი“ ლა ლიგის ცხრილს ლიდერობს, მდევარ „სევილიას“ 5 ქულით უსწრებს. სამეფო თასზე, მერვედფინალში, მადრიდელები შუა კვირაში „ელჩეს“ უნდა შეხვდნენ. ამასობაში კი მოდის თებერვალიც და „ლოს ბლანკოსს“ ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენთან“ მოუწევს ძალების დატოლება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.