ინდოეთში კრიშტიანუ რონალდუს ძეგლი დადგეს, რამაც ადგილობრივები აღაშფოთა. საქმე ის არის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „რეალის“ ლეგენდა პორტუგალიელია, პორტუგალია კი იყო დამპყრობელი ქვეყანა, რომელიც გოას შტატში 1961 წლამდე, 400 წლის განმავლობაში ბატონობდა.
ვინმე იკითხავს, თუკი ასეა, რონალდუს ძეგლი მაინცდამაინც გოაში რატომ დადგესო. მიზეზი მარტივია: რეგიონში ფეხბურთის პროპაგანდისთვის.
400 კილოგრამიანი ქანდაკება ქალაქ პანჯაის კალანგუტის პარკში აღმართეს. ასობით ადგილობრივიც სწორედ იქ გავიდა პროტესტის გამოსახატავად. მათ ხელში შავი დროშები ეჭირათ.
გოას შტატის მინისტრი მაიკლ ლობო კი ძეგლს მხარს უჭერს. მან თქვა: „ჩვენ კრიშტიანუ რონალდუს ძეგლი პარკში ფეხბურთის სიყვარულისა და ჩვენი ახალგაზრდების თხოვნით დავდგით. გვინდა მომავალმა თაობამ გოას ფეხბურთი მაღალ დონეზე აიყვანოს.
ამ ძეგლით ღია ტერიტორიის მორთვა-დამშვენება ჩვენთვის დიდი პატივი იყო. ის მოუხდა ლანდშაფტს, ბაღს.
რონალდუს ძეგლმა ახალგაზრდობა უნდა აღაფრთოვანოს, შთააგონოს. ჩვენ მათი წახალისება გვინდა. გვსურს, გოაში ფეხბურთი მეტად შეუყვარდეთ, ხოლო როდესაც ფეხბურთზე ლაპარაკობ, ესე იგი ლაპარაკობ კრიშტიანუ რონალდუზე“.
თუმცა, დემონსტრანტები ახალ ძეგლთან შექუჩდნენ და ყვიროდნენ:
არა რონალდუს კერპს კალანგუტში!
არა კრიშტიანუ რონალდუს ქვეყანას!
გოა საუკუნეების განმავლობაში კოლონია იყო და რონალდუს ძეგლი აქ სრულიად მიუღებელია!
რასაკვირველია იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც პროტესტი გაუგებარი და მიუღებელი იყო. მაგალითად ერთ-ერთმა მოქალაქემ, თავისი პოზიცია ასე განმარტა:
„კოლონიზაცია დიდი ხნის წინანდელი ამბავია. ერთ ადგილას გაჩერება არ შეიძლება, წინ უნდა წავიდეთ. შტატი უნდა განვითარდეს, მათ შორის ფეხბურთში. მთელი მსოფლიო რონალდუს შეჰყურებს და ჩვენ რატომ არ უნდა შევუერთდეთ მთელს მსოფლიოს“?
ლობო არ გამორიცხავს, რომ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივადაა და იმ ხალხს, ვინც რონალდუს ძეგლს აპროტესტებს უბრალოდ ფეხბურთი სძულს.
„მათ თავად არ შეუძლიათ ახალ თაობას რამე შესთავაზონ“, — დასძინა მინისტრმა.
ფეხბურთი გოას დასავლეთ სანაპიროზე პოპულარული სახეობაა, თუმცა მთელს შტატში ყველაზე გავრცელებული სპორტი რასაკვირველია კრიკეტი გახლავთ.
ინდოეთი ბრიტანეთის კონტროლიდან 1947 წელს გათავისუფლდა, გოამ კი პორტუგალიას 14 წლის შემდეგ დააღწია თავი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 09:52როგორ ითამაშა ფრანგული საიტის აზრით კვარაცხელიას ახალმა კონკურენტმა?
მთავარი ამბავი24/08/2026 | 08:26კვარა და დემბელე შესვენებისას შეცვალეს
სიახლეები23/08/2026 | 09:15ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
