რალფ რანგნიკი მანჩესტერში ჩავიდა როგორც მესია, რომელიც კლუბს ძველ დიდებას დაუბრუნებს და… საძულველი „ლივერპულისა“ და მისი მწვრთნელის იურგენ კლოპის უპირატესობას გააცამტვერებს. არადა, ძლიერი გუნდი რომ ჰყავთ, მერსისაიდელები თურმე სწორედ მის მადლიერები უნდა იყვნენ.
ოცი წლის წინ რანგნიკის ბრძნულმა რჩევამ დააყენა კლოპი სწორ გზაზე, რამაც საბოლოოდ „ენფილდზე“ და ტრიუმფთან მიიყვანა.
2001 წელს, „იუნაიტედის“ ახლანდელი შეფი გერმანიის ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდა მწვრთნელად ითვლებოდა, მისი ახლო მეგობარი იურგენ კლოპი კი თავის პირველ კლუბში „მაინცში“ იწყებდა მუშაობას. კლოპს აგენტი არ ჰყავდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რა პირობები უნდა წამოეყენებინა „მაინცისთვის“. მან რჩევისთვის რანგნიკს დაურეკა.
რანგნიკმა აუხსნა, კლოპმა დაუჯერა და ყველაფერი იდეალურად გაგრძელდა.
63 წლის რანგნიკი იგონებს: „მე და იურგენი ერთმანეთს 1997 წლიდან ვიცნობთ. მე მისი დამრიგებელი არ ვყოფილვარ, მენტორი ვოლფგანგ ფრანკი იყო, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობები გვქონდა. მახსოვს, როგორ დამირეკა იურგენმა და მკითხა, „მაინცი“ მწვრთნელის თანამდებობას მთავაზობს, მირჩიე რა ხელფასი მოვთხოვოო. მაშინ აგენტი არ ჰყავდა. მისი აგენტიცა და მრჩეველიც მე გამოვდექი და რაც ვურჩიე, ყველაფერმა გაამართლა“.
დღეს კლოპი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მწვრთნელია, რანგნიკი კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაუდგა სათავეში. ცხადია, მეგობრების ურთიერთობა საინტერესოდ გაგრძელდება.
თუმცა, რანგნიკს კარგად ესმის, რომ ამოცანა, რომელსაც შეეჭიდა, რთულია:
„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ რეალისტიც უნდა ვიყო. ხუთი კვირის წინ ჩვენი გუნდი „ლივერპულთან“ 0:5 დამარცხდა და გულწრფელად რომ ვთქვათ, შეიძლებოდა ანგარიში მეტიც ყოფილიყო.
შემდეგ იყო თამაში „სიტისთან“, რომელიც 0:2 დამთავრდა და აქაც, მეტოქეს მეტის გატანა შეეძლო.
„ჩელსისთან“ ფრე რასაკვირველია მნიშვნელოვანი გახლდათ, მაგრამ თამაშის ხარისხზე რა მოგახსენოთ. მეტოქემ კარში 24-ჯერ დაარტყა, ჩვენ — სამჯერ.
და ახლა, რამდენიმე კვირაში თუ თვეში მე პრემიერლიგის ტოპ მწვრთნელებს ტოლი არ უნდა დავუდო? ეს რეალისტური არ არის.
დღეს, ჩემი ამოცანაა გავუმკლავდე „კრისტალ პალასს“, „იანგ ბოიზს“, „ნორვიჩს“, „ბრაიტონს“ და „ბრენტფორდს“. „ჩელსის“, „ლივერპულს“ და „მანჩესტერ სიტის“ კი მარტსა და აპრილში ვხვდებით, ამიტომ მათთან ტოლად თამაშზე მერე ვილაპარაკოთ“.
რანგნიკმა მარტო კლოპს როდი გაუკვალა გზა. „ჩელსის“ დღევანდელი მწვრთნელი თომას ტუხელი „ულმში“ მისი ფეხბურთელი იყო, შემდეგ კი, როდესაც რანგნიკი „შტუტგატში“ გადავიდა, მან ტუხელი 15-წლამდელთა გუნდის მწვრთნელად მიიწვია და ფაქტობრივად კარიერა დააწყებინა.
„მაშინ ულმი სამხრეთ რეგიონალლიგის კლუბი იყო. ორ სეზონში ბუნდესლიგაში ავმაღლდით. სტადიონს მაყურებელი დაუბრუნდა.
სამ წელიწადში იგივე განმეორდა „ჰანოვერში“, შემდეგ კი იყო „შალკე“, გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი კლუბი.
„ჰოფენჰაიმში“ ექვსი წელიწადი დავყავი. სოფელს, სადაც 3 000 მოსახლე ცხოვრობს, ზედიზედ ორი აღზევების შემდეგ უკვე ბუნდესლიგაში ჰყავდა გუნდი. ეს ნამდვილი ზღაპარი იყო. საშინაო თამაშებზე ნემსის ჩასავარდნ ადგილს ვერ იპოვიდით.
„ლაიფციგი“ 9 წელიწადში მეოთხე საფეხურიდან ჩემპიონთა ლიგაში მოხვდა.
თუმცა, „იუნაიტედში“ სულ სხვა გამოწვევაა. მე ასეთ დიდ კლუბში არასდროს მიმუშავია. ის მსოფლიოს უდიდესი კლუბია. ამ გუნდს ტრიბუნიდან 75 000 გულშემატკივარი ამხნევებს. ასეთი გარემოთი უნდა ისიამოვნო და თუ ვერ იგებ, ესე იგი სპორტის სხვა სახეობაში უნდა მოსინჯო ძალა“.