პრო დ2-ის მე-7 ტურში ქართველებს თავი არაფრით გამოუჩენიათ, მაგრამ ერთი-ორი საინტერესო მომენტი მაინც დაფიქსირდა.
ასე, მაგალითად, „გრენობლის“ შემადგენლობაში „ბეზიესთან“ საშინაო მატჩის (19:21) დასკვნითი 17 წუთი მასპინძელთა შერკინების პირველი ხაზი სრულად ქართველებისგან შედგებოდა, თანაც მთელი ეს დრო სტუმართა შორისაც იყო ერთი ჩვენებური პირველხაზელი ფორვარდი.
ალპელთა სასტარტო შემადგენლობაში მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა იყო, ვისაც მე-15 წუთზე ტვინის შერყევის პროტოკოლის გამო 10 წუთით მოედნის დატოვებამ მოუწია და ეს დრო მის ნაცვლად ზურაბ ჟვანიამ ითამაშა. მეორე ტაიმი ილია კაიკაციშვილმა პირველი ხაზის მარჯვენა მხარეს სრულად ჩაატარა, ხოლო 63-ე წუთზე ჟვანიამ თანაკლუბელი ჰუკერი ჩაანაცვლა – მას ამ პოზიციაზე თამაშიც ხომ ეხერხება.
და გამოვიდა, რომ თამაშის დარჩენილი დრო „გრენობლის“ პირველი ხაზი სრულად შედგებოდა ქართველებისგან. ბოლოს ასეთი ფაქტი დაფიქსირდა რამდენიმე წლის წინ, ოღონდ ერთი დონით მაღლა, როცა „მონპელიეს“ პირველ ხაზს მიშა ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და დუდუ ქუბრიაშვილი შეადგენდნენ.
რაც შეეხება ბეზიელ მორკინალს, ქუთაისელი ჟორჟი სალდაძე თამაშში უკვე ხსენებულ 63- წუთზე შევიდა.
გარკვეული პაუზის შემდეგ „ბრესანის“ შემადგენლობაში ზაურ თევდორაშვილი 46-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მისი გუნდი „პროვანსთან“ სტუმრად 17:23 დამარცხდა.
თორნიკე მატარაძე 56-ე წუთზე ჩაერთო „ნევერის“ გასვლით მატჩში, რომელშიც მისმა გუნდმა „ნარბონთან“ 33:30 იმარჯვა.
აუტსაიდერთა მატჩში „ვანმა“ „აჟენი“ გაანადგურა – 46:3. დამარცხებულთა შორის პირველი ტაიმი ჯაბა ბრეგვაძემ ჩაატარა, ხოლო გრიგორ ქერდიყოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
„ორიაკმა“ „კარკასონს“ საშინაო მატჩში 30:23 მოუგო და ამ გამარჯვებაში მონაწილეობა ქართველთაგან მხოლოდ გიორგი ქართველიშვილმა მიიღო (1-55 წუთები), ხოლო დამარცხებულთა რიგებს 69-ეზე იოანე იაშაღაშვილი შეუერთდა.
„მონ-დე-მარსანმა“ კი „რუანი“ ბონუსით – 45:8 დაამარცხა და გათამაშების ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად ჩაუდგა. ახალგამომცხვარი ლიდერის შემადგენლობაში მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა ლაშა მაჭარაშვილმა, ხოლო რუანელი კარლენ ასიეშვილი თამაშში ოდნავ მოგვიანებით, 47-ე წუთიდან ჩაერთო.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
სიახლეები07/06/2026 | 19:29ალანია – ჩემპიონი
